გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან გამართული აქციის შესახებ და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“არა, მეგობრებო, გუშინ არ ყოფილა პრაიდი. ძალადობის დაგმობის აქცია იყო. ასეთი აქციები სხვა დროსაც გვახსოვს პრაიდების ჩახშობის მეორე დღეს. ცისარტყელას დროშებიც გვახსოვს სხვადასხვა აქციებზე, მაგრამ პრაიდი საქართველოში არასდროს ჩატარებულა. თავს ნუ მოიტყუებთ. გუშინ უბრალოდ რეაქცია მისცა პასუხისმგებლიანმა მოქალაქეთა ჯგუფმა სასტიკ ძალადობას – ეს არ არის პრაიდი.
არ არის საჭირო თავის მოტყუება,” – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.
გუშინ, 6 ივლისს საკანონმდებლო ორგანოსთან, მდუმარე აქცია გაიმართა, ხოლო ამის პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიცია ძალადობის აღკვეთას ცდილობდა. რადიკალებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის პირველი კორდონის გარღვევა. ისმოდა აგრესიული შეძახილები და ისროდნენ ბოთლებს და სხვა საგნებს, ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. საჭიროა გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.