ვის შეეხება ამნისტია? – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დოკუმენტი მოამზადა, სადაც წერია, რომ ამნისტია 6 000 -მდე მსჯავრდებულსა და 7 000-მდე პრობაციონერს შეეხება.
ორგანიზაციის ცნობით, ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1 000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით).
TI წერს, რომ “ამნისტიის კანონი” სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს მოიცავს და ვრცელდება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, ასევე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
კერძოდ, ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს.
ცალკეული მუხლების შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის დაზარალებულის თანხმობაა აუცილებელი, თუმცა თუ პირი ვერ მოიპოვებს ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობას, მასზე მაინც გავრცელდება სასჯელის შემცირება უფრო ნაკლები ოდენობით.
TI-ის ცნობით, ცალკეულ შემთხვევებში ამნისტიის გავრცელების პირობას წარმოადგენს განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არქონა. ნარკოტიკულ დანაშაულებზე მიუხედავად ნასამართლობისა მაინც ვრცელდება ამნისტია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ზოგიერთი უფლება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, არასრულწლოვნას, ან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე ქალს, უმეტეს შემთხვევაში, ორი მესამედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი.