ფლორისტი ზურა შევარდნაძე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიებს აქვეყნებს:
„ოცი წლის წინ, შემოდგომაზე ვიყიდე პირველი ნაკვეთი თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზაზე. მაშინ აქ არც ასფალტი იყო, არც ელექტრონი და გაზი, მისამართიც არ გვქონდა, არაფერი არ ერქვა ჩვენს ქუჩას. მოშორებით სულ ორი ახალაშენებული, გაულესავი სახლი ჩანდა. ჩვენს წინ დიდ, ძეძვიან მინდვრებზე ბერძენი მწყემსები ნახირს აძოვებდნენ. ჩემი ახალშეძენილი პატარა ნაკვეთი იყო დაჭაობებული და ჭაობი სავსე სამშენებლო ნაგვით.
ახლანდელივით, მზიანი თბილი შემოდგომა იდგა, ძალიან ვიყავი გახარებული და საქმეს ვეშურებოდი. გურიაში ბიძაჩემს ლადოს და ასკანელ მეზობელ ზურია სისვაძეს შევუთვალე არიქა მიშველეთ მეთქი, ჩამოვიდნენ და შევუდექით. ფეხისალაგი გავმართეთ, ზურიამ ჭა ამოიღო, ამოყორა და ჭაობის წყალი დღენაჟებში მივმართეთ, რომელსაც დღემდე ვიყენებთ სარწყავად. ეზოში მომცრო, ხის მწვანე, ფინური ვაგონი დავდგი, ის იყო ჩვენი თავშესაფარი, სამზარეულო და ზოგჯერ საძინებელიც. დილაობით დეზერტირების ბაზარში ჩავდიოდი, პამიდორი, ყველი, მწვანილი, ხახვი, იშვიათად ძეხვი ან შებოლილი სიგა ამომქონდა სდილისთვის. შუადღეს დაღლილები ვაგონთან, ტირიფის ქვეშ, სახელდახელოდ ჯირკებისგან მოწყობილ მაგიდასთან ვჭამდით ლადო, ზურიე და მე.
იმ დღესაც ბევრი ვიმუშავეთ, ვბარეთ, ნაბარავში ქვა ვარჩიეთ და ვაგროვეთ. სასადილოდ ფეხს ვითრევდით, არ ვიმჩნევდით მაგრამ არცერთს არ გვეხალისებოდა , ისევ ხახვი, ისევ თევზის ტომატიანი კონსერვი…
ხელი რომ დავიბანეთ და შევიკრიბეთ, ეზოში რომელსაც ჯერ არც ჭიშკარი ჰქონდა და არც ღობე შუახნის, მაღალი, შავებში ჩაცმული ქალი შემოვიდა, თავზეც შავი ებურა. ერთ ხელში დიდი ტილოგადაფარებული ლანგარი ეჭირა, მეორეში ტომრის ჩანთა. გავეგებე, გამიღიმა მორიდებით, ოქროს ორი კბილი გამოუჩნდა. მოსალმებაზევე შევატყვე მეგრელობა.
– მეზობელი ვარ მე შენი შვილო. გიყურებთ ეს დღეებია, შრომობთ კია ბევრს, მარა გაგიმართლებთ ღმერთით.
-გმადლობთ ქალბატონო.
-ნელი მქვია მე, ბერულავა იყო ჩემი ქმარი. სამი შვილი მყავს, უფროსები ალბათ შენზე. აგერ ვართ უკან, გეცოდინება შენ ჩვენი სახლი, ასე მოეწყო ჩვენი ცხოვრება.. თავი დახარა, მივხვდი რასაც გულისხმობდა.
-გამომართვი დიდა აწი, არ მიწყინოთ თუ საკადრისად ვერ მოგართვით, გულითაა ღმერთია მოწამე და გადახადა გახამებული ტილო ლანგარს.
დიდ, გულუღმა ჯამზე თეთრი, ფითქინა ღომი ჩაორთქლილიყო, პიტნიანი ნადუღი და ბევრი სულგუნის ნაჭერი ჩაედო ბარაქიანად შუაგულში. ორი წიწილი შეეწვა და კოხტად დაეჭრა, მწვანე ტყემალი დ წითელი სისხინა აჯიკა იდო ჭიქებით კიდევ ლანგარზე.
გავშრი უხერხულობისგან.
-ასე რატომ შეწუხდით?
-რამ შემაწუხა დიდა, მეზობლის გულობიზა წყარში არ ჩავდგები კიდომ? “გემოშა ოჭკომ სკუა, შერგე გაუ ღორონთქ.” კამპოტი მოგართვით, არ დამძრახოთ უკაცო ოჯახი მაქვს და….
ჩანთიდან დაორთქლილი სამ ლიტრიანი ქილა ამოაცოცა.
თბილად, დედობრივად მიღიმოდა, თვალები სიკეთით, სიხარულით ჰქონდა სავსე, ბედნიერი იყო რომ შეძლო მისთვის უცხო მაგრამ ახალი მეზობლისთვის პატივი ეცა. მოვიპატიჟეთ, არ დარჩა, გაგვეცალა.
უენოდ, უსიტყვოდ, გემრიელად გეახელით. არც ლადოს, არც ზურიას და არც მე არაფერი გვითქვამს.
სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, მას მერე ასეთი გრძნობით და ბედნიერმა როდის ვისადილე აღარ ვიცი.
დღეს უკვე ამ ამბიდან 20 წლის თავზე ვამბობ, სანამ ასეთი და ამდაგვარი ამბები კიდევ ხდება ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა, აი მერე მართლა რა იქნება ვეღარ გეტყვით.
შვილებში და შვილიშვილებში ჩაფლული, მადლიანი, სიხარულით და სიყვარულით სავსე, ნაშრომი, დაღლილი ნელი დეიდა აგერ კუკიაზე დავკრძალეთ. არასდროს არაფერი უთხოვია იმის გარდა სოხუმში დამმარხეთო.ნელი დეიდა, გვაპატიე…“, – წერს ზურა შევარდნაძე.