გალაქტიკას გარს აკრავს გაზისა და მტვრის ნისლი, რომელიც საკმაოდ შორს ვრცელდება. მატერიის ამ თხელ ფენას გალაქტიკას შემოხვეულ გარემოს უწოდებენ და ეს ჰალო ხშირად იმდენად დიდია, რომ სწორედ მასზე მოდის გალაქტიკის ხილული მასის დაახლოებით 70 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ასე ძალიან არის გავრცელებული, ცოტა რამ არის ცნობილი ამ გარემოს ტიპური სტრუქტურის შესახებ, რაც ართულებს იმის გარჩევას, სად მთავრდება ერთი გალაქტიკის კიდე და სად იწყება მეორისა.
დაახლოებით 270 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი გალაქტიკის კვლევამ ცხადყო ურთიერთქმედებები გალაქტიკასშემოხვეულ გარემოსა (CGM) და გალაქტიკის კაშკაშა დისკოს შორის, რაც მკვლევრებს საზღვრის გამორკვევაში დაეხმარა; ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ ჩვენი გალაქტიკა შეიძლება იმაზე შორსაა გავრცობილი, ვიდრე წარმოგვიდგენია.
თუ ასეა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ირმის ნახტომის შეჯახება ანდრომედას გალაქტიკასთან, რაც ძლიერ შორეულ მომავალშია პროგნოზირებული — შეიძლება, უკვე დაიწყო, სულ მცირე, ერთმანეთის გადაკვეთა დაიწყეს ორმა გალაქტიკასშემოხვეულმა გარემომ.
ავსტრალიელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა კეკის ობსერვატორიის ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტით (Keck Cosmic Web Imager) რამდენიმე სურათი გადაუღეს შედარებით პატარა, სპირალურ გალაქტიკა IRAS 08339+6517-ს (შემოკლებით IRAS08).
გალაქტიკასშემოხვეულ გარემოს (CGM) წინა კვლევათა უმეტესობა იყენებდა შორეულ, ფონურ გალაქტიკებში შავ ხვრელთა მიერ მატერიის შთანთქმის შედეგად წარმოქმნილ სინათლეს. მიუხედავად იმისა, რომ კაშკაშა სინათლეს გალაქტიკის გარშემო გარემოს ბევრი დეტალი შეუძლია გამოავლინოს, ჰალოების ზოგიერთი ნაწილი მაინც მოუხელთებელი რჩებოდა.
გალაქტიკის მანათობელი დისკოს კიდეებს მიღმა, 90 000 სინათლის წლის რადიუსის სივრცის გადაღებით, მკვლევრებმა ამ გარემოს შემადგენლობის ცვლილებათა ანალიზი შეძლეს.
ზოგიერთ სურათზე გამოჩნდა ნეიტრალური წყალბადის გაზის ძაფი, რომელიც გალაქტიკა IRAS08-ს კოსმოსური აბლაბუდით აერთებდა კიდევ უფრო პატარა მეზობელ გალაქტიკასთან; შესაბამისად, ცოტა არ იყოს მოულოდნელია, რომ ჯგუფმა ვაკუუმში მოცურავე ამდენი წყალბადი გაზომა.
მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენა, რომ წყალბადის ელექტრონები დაფიქსირდა უფრო მძიმე ელემენტთან, ჟანგბადთან შერეული კოსმოსური ძაფების მიღმაც, მისგან საკმაოდ შორს.
„ის ყველგან ვნახეთ, სადაც კი ვეძებდით, რაც ფრიად ამაღელვებელი და მოულოდნელი იყო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის სუინბარნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ნიკოლ ნილსენი.
გალაქტიკათშორის სიცარიელეში მოდრეიფე ატომებს გათბობის მხოლოდ ორი წყარო აქვთ. ერთ-ერთი არის შორეულ გალაქტიკათა ვარსკვლავების ფერმკრთალი სინათლე. მეორე კი შემთხვევითი შეჯახება სხვა ატომთან. შესაძლებელია ორივე მათგანის გაანგარიშება, რათა შეფასდეს წყალბადისა და ჟანგბადის შერევისთვის მოსალოდნელი იონიზაციის მანერა.
ამ ბუნდოვანი სურათების სპექტრული მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა რამდენიმე ათასი სინათლის წლის მასშტაბში აღრიცხეს ცვლილებები იონიზაციის სიმკვრივეში; ასე გამოავლინეს IRAS08-ის საკუთარი სინათლის მიერ გავლენის თანდათან, ნაზად შენელების ზონა.
„CGM-ში, გაზს რაღაც სხვა აცხელებს, გალაქტიკის შიდა გარემო პირობებისგან განსხვავებული; სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს სამყაროს კოლექტიურ გალაქტიკათა მიერ გამოყოფილი დიფუზიური გამოსხივების სითბო და ასევე, გარკვეული წვლილი შეჰქონდეს შოკებსაც. ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც გარკვეულ პასუხებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ სად მთავრდება გალაქტიკა“, — ამბობს ნილსენი.
ეს აღმოჩენა არა მხოლოდ უკეთესად განსაზღვრავს, თუ რა არის გალაქტიკა, არამედ გვეუბნება იმასაც, როგორ და სადამდე ივრცობა და ვითარდება მათი ჰალოები.
ვინაიდან ირმის ნახტომის სიღრმეში ვცხოვრობთ, ძნელია გავზომოთ, სადამდე ვრცელდება ჩვენი გალაქტიკის საზღვრები. ახალი აღმოჩენის განზოგადებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს გალაქტიკას შემოხვეული, თბილი გაზი უკვე ერევა ჩვენი უახლოესი მეზობელი გალაქტიკების ჰალოებს.
„ძლიერ სავარაუდოა, რომ ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკის გარემომცველი გარემოები უკვე ერთმანეთში ერევიან და ურთიერთქმედებენ“, — ამბობს ნილსენი.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.