მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყო- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, დასრულებული პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.
მათი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. დამონტაჟდა ახალი გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომელთა საშუალებითაც სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განაცხადებით, აღნიშნული კვანძის მოწყობით ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.
„დღეს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. ეს ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას. ამ ადგილზე ხშირი იყო შეფერხება და საცობები. აღნიშნული პროექტი კი, ახალი დაგეგმარებით, ტროტუარებით, შუქნიშნებით მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“, -აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.