საქართველოში წლიდან წლამდე მატულობს კერძო სკოლების რაოდენობა. ისინი მოსწავლეებს საუკეთესო პირობებს სთავზობენ, თუმცა ეს მომსახურება არც ისე იაფი ღირს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს, სადაც სწავლა არც ისე იაფი ღირს:
- ბაქსვუდის სკოლა
ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.
სწავლის ღირებულება – წელიწადში 11 900 ლარი.
- ვალდორფის სკოლა
პირველი ვალდორფის სკოლა 1919 წელს, გერმანიაში, ქ. შტუტგარტში დაარსდა. დღესდღეობით ვალდორფის სკოლათა რაოდენობა, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე 1234-ს შეადგენს.
თბილისის ვალდორფის სკოლა 1994 წელს გაიხსნა.
სკოლაში სწავლა 4 500 ლარი ღირს.
ხელშეკრულების პუნქტი არ ითვალისწინებს გახანგრძლივებული ჯგუფის გადასახადს. გახანგრძლივებული ჯგუფით სარგებლობა განიხილება როგორც დამატებითი მომსახურება, რის საფუძველზეც მშობლებთან ცალკე ხელშეკრულება იდება.
- მწვანე სკოლა
მწვანე სკოლის პირველი კამპუსი 2011 წელს დიღმის მასივში გაიხსნა. პირველივე წლიდან სკოლაში სწავლება დაიწყო დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. 2021 წლიდან ჩვენს სკოლას ეტაპობრივად დაემატა ახალი კამპუსები: 2021 წელი – მწვანე სკოლა ნაძალადევი; 2022 წელი – მწვანე სკოლა დიდი დიღომი; 2023 წელი – მწვანე სკოლა საბურთალო.
სწავლის ღირებულება 1-7 კლასამდე 6 900 ლარს შეადგენს, ხოლო 7-12 კლასებში – 7 900 ლარი ღირს.
- გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. აკადემიის დამაარსებლები არიან ქართველი ბიზნესმენი, გივი ზალდასტანიშვილი, ამერიკელი პედაგოგი, დონალდ თომასი და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა
სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის:
VIII კლასი – 16 000 ლარი
IX-XII კლასები – 28 000 ლარი
- ნიუტონის თავისუფალი სკოლა
ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.
სწავლის საფასური 1-5 კლასების ჩათვლით 4 500 ევროს ექვივალენტი ლარში;
6-8 კლასებში სწავლის საფასური შეადგენს 5 000 ევროს ექვივალენტს ლარში;
9-10 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 5 500 ევროს, ხოლო 11-12 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 6 000 ევროს ექვივალენტს ლარში.
- UG School – იუჯი სკოლა
UG სკოლა 2008 წელს პროგრესული განათლების სურვილიდან დაიბადა, მისი დამაარსებელია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი პოზიცია უკავია.
წლიური გადასახადი აქ 13 000 ლარს შეადგენს.