გამარჯვების სიხარულს გემო რომ გაუგო, 5-6 წლის ბიჭი იქნებოდა. მაშინ ცდილობდა, დედა და მამა გაეხარებინა, მათთვის ბედნიერების ემოცია ეჩუქებინა. გაიზარდა და მისი გამარჯვების სიხარულის გამზიარებელი მთელი საქართველო გახდა. მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ქართულ კრივს 24-წლიანი პაუზის შემდე ოლიმპიური მედალი მოუტანა. ლაშას საგულშემატკივროდ პარიზში მეუღლემ – მარიამ მუმლაძემ ჩააკითხა და მხარდაჭერის ორიგინალური ფორმით იქ მყოფი საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია.
ლაშა გურული ქართველი მოკრივე, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორია. ბოლო სამი წლის განმავლობაში გურული თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს გამორჩეული მოკრივეა განსაკუთრებული სტილითა და იმ დამაჯერებლობით, რასაც რინგზე თითოეული შეხვედრისას აჩვენებს, მოწინააღმდეგეებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ის 2021 და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორია. 2023 წელს ის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
ლაშა გურულმა და მისმა მეუღლემ, მარიამ მუმლაძემ, საკუთარი ცხოვრების შესახებ ჟურნალ “გზასთან” ისაუბრეს:
ლაშა: ჯერ ყველაფერი ბოლომდე კიდევ ვერ გავაანალიზე. მინდა დავისვენო და სამომავლო გეგმა გავწერო. ახლა კი სიამოვნებას ვიღებ ჩემი ხალხისგან – იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, მილოცავენ, მეფერებიან, მაფასებენ. ბავშვობიდან ვოცნებობდი ოლიმპიადაზე გამოსვლაზე. წლების განმავლობაში, ტელევიზიით ყველა ოლიმპიადას ვუყურებდი, კრივს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი. 2000 წლის შემდეგ ქართველებს ამ სპორტში ოლიმპიური მედალი არ გვქონდა აღებული, ეს მე შევძელი და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს მედალი ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონობის ტოლფასია. მიხარია და ბედნიერი ვარ, მედალი რომ ავიღე. ამავე დროს, ვერ მაკმაყოფილებს ეს შედეგი. ჩემი მომავალი გეგმა დამოკიდებული იყო, ამ ოლიმპიადაზე რას მივაღწევდი. მაქვს სურვილი, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში მივიღო მონაწილეობა და ოქროს მედლისთვის ვიასპარეზო.
მე და მარიამი სულიერად ძალიან ახლო ადამიანები ვართ. დაგეგმილი გვქონდა, როდესაც საპრიზო ბრძოლა მექნებოდა, მარიამი ჩამოვიდოდა და ოლიმპიურ თამაშებს დაესწრებოდა. რინგზე რომ გავდივარ, კამერები მიღებს, ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ, ახლა მარიამი ეკრანიდან მიყურებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი იქვე ახლოს, ტრიბუნაზე მეგულება, ამაზე აღარ ვფიქრობ, ბრძოლაზე მეტად კონცენტრირებული ვარ.
ჩვენ ერთმანეთი 2016 წელს, საერთო მეგობართან გავიცანით. 1 წელი მეგობრები ვიყავით. ერთმანეთი უფრო ახლოს რომ გავიცანით, თვისებები, ღირებულებები კარგად გავიგეთ, შემდეგ ჩვენ შორის სიმპათიაც გაჩნდა. თანდათან მივხვდით, ერთმანეთი მოგვწონდა და ერთმა კოცნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ნოემბერში 8 წელი გახდება, რაც ერთად ვართ.
სანამ მარიამი იტყვის, მე დავასწრებ. მარიამი ვიზუალურად ყოველთვის გამოირჩეოდა, მისი იმიჯი, კულტურული მანერები ყოველთვის მომწონდა. თავისუფალი გოგო იყო, უაზრო კომპლექსები არ ჰქონდა. იყო გაწონასწორებული, თავშეკავებული და იცოდა, სად როგორ მოქცეულიყო. მე ძალიან ზედმეტად “გრუზინი” ვიყავი, ისეთი შეხედულებები მქონდა, გოგონებს ყველაფერს რომ უშლიან. დაკომპლექსებული ვიყავი. მე და მარიამი ორი სხვადასხვა პოლუსი, ორი უკიდურესობა, სხვადასხვა თაობის ადამიანები ვიყავით. ერთმანეთს თანდათან დავუახლოვდით. რომ ვაკოცე, ვფიქრობდი, ახლა რას ვაკეთებ, რა მინდოდა, მეგობარიც დავკარგე-მეთქი, ჩვენი ერთად ყოფნაც ვერ წარმომედგინა. რიგ საკითხებთან დაკავშირებით, დამახინჯებული შეხედულებები მქონდა. მერე ჩვენ ერთმანეთისთვის ფიქრების გაზიარება დავიწყეთ, როგორ ვხედავდით მომავალს, რა გვინდოდა, როგორი ოჯახზე ვფიქრობდით… ეს კი ჩვენი ურთიერთობის მთავარი იარაღი აღმოჩნდა- ამბობს ლაშა
განაგრძეთ კითხვა აქ