რუსეთში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და კანადის საელჩოებმა პრაიდის თვის აღსანიშნავად LGBT+ თემის დროშები გამოფინეს.
ასევე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ისლანდიის და ახალი ზელანდიის საელჩოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ადამიანის უფლებების, მათ შორის LGBTI+ ადამიანების უფლებების დაცვის მხარდაჭერა დაადასტურეს.
“სამწუხაროდ, მსოფლიოში LGBTI+ ადამიანები ჯერ კიდევ დგანან ძალადობის, შევიწროების, დისკრიმინაციის წინაშე და სამართალდამცავი სისტემა ხშირად თვალს ხუჭავს სიძულვილის ენასა და სიძულვილის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომლებიც ბევრ ქვეყანაში ხშირია”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ საელჩოსთან ჩამოკიდებული LGBT+ დროშის ფოტო გამოაქვეყნა, აშშ-ს საელჩოს გამოქვეყნებულ ფოტოზე რუსეთში ახლად დაბრუნებული ელჩი ჯონ სალივანი ცისარტყელა დროშას კიდებს, ხოლო კანადის საელჩომ LGBT+ დროშისა და კანადის დროშის ფონზე გადაღებული თანამშრომლების ფოტო გამოაქვეყნა.
გასულ წელს კრემლმა საელჩოების მსგავსი საქციელი, LGBT+ დროშების დაკიდება, უკანონოდ შეაფასა.
რუსეთში ცისარტყელა დროშის გამოფენა იშვიათობაა. 2013 წელს “არასრულწლოვანებისთვის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა” აიკრძალა და ქვეყანაში LGBT+ თემის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულებაა.
წყარო: “ტაბულა”
tabula.ge