2024 წლის 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში, „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 3 მმართველ პარტიას, ხოლო 2 ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდება.
„2024 წლის 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა.
ამასთან, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის”, – აღნიშნულია ანგარიშში.