ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 28 წლის მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტლები ხდება ცნობილი.
“მთავარი არხის” ცნობით, საქმეს ჰყავს ოქროს მოწმე, რომელმაც 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი ნაწამები და ხელებშეკრული ნახა, დახმარება კი 112-ში ითხოვა.
სოფელში არსებობს ეჭვი, რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების შემდეგ, ბრალდებულები ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადამალვას აპირებდნენ, გეგმის სისრულეში მოყვანას კი ხელი სწორედ საქმის ოქროს მოწმემ შეუშალა.
ამ დროისთვის, მკვლელობის ოქროს მოწმეს მედიასთან გამოჩენა არ სურს, თუმცა, მან ინფორმაცია თანასოფლელებსა და პოლიციას უკვე მიაწოდა.
“გაკოჭეს და ისე მოახრჩვეს, თავი აქვს გატეხილი, ნაჭდევები წელის არეში. ხელები და ცხვირი გატეხილი, სასტიკად [მოექცნენ]. რომ ვერ მოერივნენ, ხელები ჰქონდა გადაკოჭილი უკან და ასე მოგუდეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტში შუახნის ასაკს გადაცილებულმა ძმებმა მედოშვილებმა ახალგაზრდა მეზობელი, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი წამებით მოკლეს. სოფელ ზღუდერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია.
შსს–ის ცნობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.