„გორმედში“ გარდაცვლილი 30 წლის მშობიარე ქალის, მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, მზია კობერიძე აღნიშნავს, ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობასა და პაციენტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„ორსულს აღნიშნულ კლინიკაში არ უნდა ემშობიარა, ის სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაეგზავნა გინეკოლოგს, ნინი შერმადინს, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა. შერმადინი ძალიან კარგად იცნობდა გარდაცვლილის ანამნეზს, ქალბატონი პრობლემებით სავსე იყო, მაღალი წნევები ჰქონდა. ექიმი მის 37 კვირამდე მიყვანას ელოდებოდა, როცა ასეთი პაციენტის 37 კვირამდე მიყვანა არ შეიძლებოდა და 27 კვირაზე უნდა ემშობიარა, თან სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტს პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ ყურადღება არ მიექცა და ეს ფატალური შედეგი თავიდან ვერ აიცილეს. მას სათანადო კვლევები ვერ ჩაუტარდა, ჰემოგლობინის კვლევა რომ ჩაეტარებინათ, მიხვდებოდნენ, რომ დენა იყო დაწყებული. ოჯახს ასევე პრეტენზიები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა, არავინ აყენებდა მათ საქმის კურსში, ექიმიც არ გამოსულა. მთელი რიგი დარღვევებია, რაზეც გამოძიება დაწყებულია და რეგულირებასაც მოკვლევა დაწყებული აქვს. დაკითხული არიან გარდაცვლილის დედა და მეუღლე.
ახლა ამტკიცებენ, თითქოს, აღნიშნულ საავადმყოფოში მოხვედრა იმიტომ მოხდა, რომ მას მშობიარობა ჰქონდა დაწყებული, არადა ის ჩვეულებრივ ვიზიტზე მივიდა ექიმთან და მათ მიიღეს უცებ გადაწყვეტილება, რომ საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ.
ოჯახის პოზიციაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაისაჯონ, რადგან მათ პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს“, – განაცხადა კობერიძემ.
„ინტერპრესნიუსი“ „გორმედის“ სამეანო განყოფილების ხელმძღვანელს, ვასილ სიმონიას დაუკავშირდა. სიმონია აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ასევე მომხდარ ფაქტს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც სწავლობს.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა, საქმეში პირველივე საათებიდან ჩართულია რეგულირების სააგენტო. პლუს გამოძიება დაწყებულია, ასევე ჩატარებულია ექსპერტიზა და მიზეზები დადგინდება, პასუხებს ველოდებით“, – განაცხადა სიმონიამ.
ცნობისთვის, „გორმედში“ 30 წლის მაგდა ბალიაშვილი საკეისრო კვეთის შემდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს, დაახლოებით 2 კვირის წინ გარდაიცვალა. მას პირველადი ინფორმაციით, გული გაუჩერდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.