ბელგიისა, საფრანგეთის და კიდევ ოცამდე ქვეყნის შემდეგ, ავსტრალია გახდა კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს.
ამ დღეებში ავსტრალიაში ძალაში შევიდა “კავშირის გაწყვეტის უფლების” წესი, რომელიც შვებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულები არიან, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დამსაქმებლების ზარებს უპასუხონ ან მათი შეტყობინებები წაიკითხონ.
ახალი კანონი საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, უფროსების მხრიდან დასჯის შიშის გარეშე, უგულებელჰყონ კომუნიკაცია სამუშაო საათების შემდეგ.
გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ავსტრალიელები ზეგანაკვეთურად, ანაზღაურების გარეშე წელიწადში საშუალოდ 281 საათს მუშაობდნენ. კანონი სამუშაო საათების შემდეგ დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებთან დაკავშირებას არ კრძალავს, თუმცა, ის პერსონალს უფლებას აძლევს, კომუნიკაციაზე არ გავიდნენ.
ცნობისათვის, მსგავსი წესები 20-ზე მეტ ქვეყანაშია შემოღებული, ძირითადად ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ერთ-ერთია საფრანგეთი, სადაც კანონი 2017 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში. კანონით დასაქმებულებს უფლება აქვთ, ფიქსირებული სამუშაო საათების შემდეგ კოლეგებისა და დამსაქმებლისგან მიღებულ შეტყობინებებს აღარ უპასუხონ.
ბელგიაში კი კანონი 2023 წლის 1-ელი აპრილიდან შევიდა. კანონის მიხედვით, კომპანიას, თუ, მინიმუმ, 20 თანამშრომელი ჰყავთ, არასამუშაო საათებში პერსონალის მიუწვდომლობაზე შეთანხმება უნდა ჰქონდეთ გაფორმებული. შეთანხმების თანახმად, სამუშაო საათების შემდეგ დამსაქმებელს აღარ აქვს უფლება, თანამშრომელს დაუკავშირდეს, თუ გაუთვალისწინებელი ან განსაკუთრებული, გადაუდებელი გარემოება არ არსებობს.