მამა თეიმურაზ ქორიძე თბილისიდან სოფელ დიდ ჩაილურში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში გადაასვენეს.
ხვალ, 23 აგვისტოს, წირვის დაწყებამდე, მას საგარეჯოში, წმ. დოდო გარეჯელის სახ. ტაძარში გადაასვენებენ.
დაკრძალვა შაბათს 24 აგვისტოს, წმ. დოდო გარეჯელი სახელობის ტაძრის ეზოში 14:00სთ-ზეა. სამუდამო განსასვენებელს დაიდებს ტაძრის ეზოში, სადაც 21 წლისა მივიდა და ცხრა წელი იმსახურა.
***
30 წლის მოძღვრის მოულოდნელმა გარდაცვალებამ სრულიად საქართველო დაამწუხრა. ფეისბუქი სრულიად მოიცვა მამა თეიმურაზის ინტერვიუების ნაწყვეტებმა, მისმა საინტერესო ქადაგებებმა… განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ ამ კუთხით სასულიერო პირები აქტიურობენ. დიდი სიხშირით აზიარებენ მის ვიდეოებს. ახალგაზრდა მღვდელმა თითქოს ერთიანად გამოაფხიზლა ერიც და ბერიც…
ასე ზეცა ჩაგუბებული და გაცისკროვნებული თვალებით, იშვიათად გაგახსენდება მოძღვარი…
სხივი ჰქონდა. იქაური. ზეციური…
კამერა მგრძნობიარეა, სულს რეკლავს თვალებში. პირისპირ, ალბათ, ეს სხივი კიდევ უფრო ხილულად გამოკრთოდა მისგან…
რატომ დაგვწყდა ასე გული? რამ გვატირა? მისმა ახალგაზრდობამ, გულწრფელობამ, სიყვარულის მქადაგებლის წასვლამ, სინათლის მატარებელი გულის გაჩერებამ… თუ უღმერთოდ ყოფნაარჩეულმა სამყარომ?…
***
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს “სოფლის მოძღვრის” ცხოვრებიდან; მოძღვრისა, რომელმაც 12 წლის ასაკში “აღმოაჩინა” თავისი ღმერთი და მას შემდეგ, უფლისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი ჩააგდო რწმენაში და მოაქცია.
“12 წლის ბავშვი მუხლებზე ლოცულობდა მცხეთის ჯვრის მონასტერში. იცოდა, რომ უნდა გამოსულიყო უბრალო ადამიანების მოძღვარი, მათი, ვინც სოფელში, მიწაზე მუშაობენ, საკუთარი ოფლით მოჰყავთ სარჩო-საბადებელი. მისი სიტყვებია, “მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი.”
როდესაც გავიცანი, ვიგრძენი, რომ მასზე წიგნი უნდა დამეწერა. ვუთხარი, ჩემს მეშვიდე წიგნს გვერდით გადავდებ და დავწერ წიგნს, რომელსაც დავარქმევ სოფლის მოძღვარს-მეთქი. დამეთახმა… ეს წიგნი არის მოძღვრის როლზე ქრისტიანის ცხოვრებაში” – ამბობს ციცი გურიელი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გამოსცა წიგნი სწორედ ამ სახელწოდებით – “სოფლის მოძღვარი”. წიგნში მოძღვრის ლექსებსა და მოთხრობებს გადააწყდებით.
მაინც რატომ ნატრობდა პატარა ბიჭი სოფლის მოძღვრობაზე?
მღვდელი თეიმურაზ ქორიძე: როდესაც სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, იქ დავინახე, ადამიანები ტოვებდნენ სოფლებს და მოდიოდნენ ქალაქში. დიდი შემოდინება იყო ქალაქში. სოფლები ცარიელდებოდა. სანამ ჯერ კიდევ ენთო შუქი ერთ ოჯახში, მინდოდა თუნდაც იმ ერთი ადამიანისთვის მემსახურა სოფელში.