ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ჩუტყვავილა გავრცელდა.
15 აგვისტოს შვედეთში ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
რა არის “მაიმუნისყვავილი”?
მაიმუნის ყვავილს იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი — იმავე ოჯახის წარმომადგენელი, რომლისაც არის ყვავილი. თუმცა, ის გაცილებით ნაკლებად მწვავეა და ექსპერტთა განცხადებით, ინფექციის შანსებიც დაბალია.
ძირითადად ცირკულირებს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიყრუებულ ნაწილებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს.
არსებობს ვირუსის ორი ძირითადი შტამი — დასავლეთაფრიკული და ცენტრალურაფრიკული.
2021 წელს აშშ-ში ამ ვირუსის ორი შემთხვევა აღირიცხა, ორივე ადამიანი ნიგერიიდან იყო ჩასული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მსოფლიოში აფრიკის მიღმა დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო მოგზაურობასთან ან ამ ვირუსით ინფიცირებულ იმპორტირებულ ცხოველებთან.
სიმპტომები
საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.
შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე.
გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.
ინფექცია ძირითადად თავისით გაივლის და 14-დან 21 დღემდე გრძელდება.
„მკურნალობა ძირითადად მხარდაჭერითია, რადგან არ არსებობს კონკრეტული წამალი. თუმცა, არის ვაქცინა, რომელიც დაავადების განვითარების პრევენციას ახდენს“, — ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესორი ჯიმი ვითვორთი.
როგორ ვრცელდება
მაიმუნის ყვავილი ვრცელდება ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის გზით. ვირუსი სხეულში შეიძლება შევიდეს დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან ან პირიდან.
სქესობრივი გზით გადადების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის, მაგრამ ამ დროს ის შეიძლება გავრცელდეს ორ ადამიანს შორის პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.
ვირუსი ასევე ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველებთან, მაგალითად, მაიმუნებთან, ვირთხებთან და ციყვებთან კონტაქტის გზით, ისევე, როგორც ვირუსით დაბინძურებულ ობიექტებთან, მათ შორის საწოლთან ან ტანსაცმელთან კონტაქტის გზით.
რამდენად სახიფათოა
ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, ხშირად ჩუტყვავილას ჰგავს და რამდენიმე კვირაში თავისით ქრება.
მაიმუნის ყვავილი ზოგჯერ შეიძლება გამწვავდეს; დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირებულია სიკვდილის შემთხვევებიც.
მკურბალობა
არ არსებობს მაიმუნის ყვავილის სამკურნალო საშუალება, მაგრამ გავრცელებათა კონტროლი შესაძლებელია ინფექციის პრევენციით.
აღმოჩნდა, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ 85 პროცენტით ეფექტიანია. ყვავილის ვირუსი ამოძირკვულად 1980 წელს გამოცხადდა და შესაბამისად, ამ დროისათვის მისი თავდაპირველი (პირველი თაობის) ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.
2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ახალი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულ ყვავილვაქცინის ვირუსს ეფუძნება. ის ორდოზიანი ვაქცინაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია.
ექსპერტთა განცხადებით, მაიმუნის ყვავილის მსოფლიოში ფართოდ გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ვირუსი ადამიანებს შორის მარტივად ვერ ვრცელდება და ფართო საზოგადოება ძალიან დაბალი რისკის ქვეშ არის.
გვაქვს თუ არა შეშფოთების მიზეზი
„ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პაციენტის 50 კონტაქტიდან მხოლოდ ერთი დაინფიცირდა, აჩვენებს, რამდენად სუსტად ინფექციურია ეს ვირუსი“, — ამბობს ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის პროფესორი ჯონათან ბოლი.
მომზადებულია BBC-ის, CNN-ისა და who.int-ის მიხედვით.