ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ლევან იოსელიანი წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში.

“საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ზუგდიდში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მცირეწლოვნების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.

სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ქ. ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გვიან ღამით ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის მე– 6 სართულზე გაჩენილი ხანძარს 2 მოზარდი, ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი ამ დრომდეკლინიკაში იმყოფებიან.

.