2024 წლის აბიტურიენტებისთვის მთავარი საზრუნავი ახლა უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების წარმატებით დალაგებაა და როგორც თავად ამბობენ, „მომგებიანი პრიორიტეტული სია“ მარტივი გასათვლელი სულაც არ არის. EDU.ARIS.GE მათ დახმარებას შეეცადა და მივმართეთ ანა შვანგირაძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორს 14- წლიანი გამოცდილებით, რომელიც უკვე მე-5 წელია, რაც აბიტურიენტებს უნივერსიტეტების დალაგებაში ეხმარება.
სპეციალისტის რჩევებთან ერთად, გაგიზიარებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარ გაფრთხილებას ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა.
პირველი ეტაპი
თქვენ უფლება გქონდათ აგერჩიათ ერთი უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამა და ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები. გადახედეთ და ნახეთ, როგორ გაქვთ დალაგებული. ზუსტად დათვალეთ რაოდენობა. განსაზღვრეთ, რომელი უნივერსიტეტი იყო თქვენთვის პრიორიტეტული.
მეორე ეტაპი
ამოიწერეთ ყველა საგნის ის საგამოცდო შედეგი – ქულები, რომლებიც მოიპოვეთ. თუ არ გაქვთ, გადმოიწერეთ 2024 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის.
მესამე ეტაპი
თქვენს მიერ შერჩეული უნივერსიტეტები და მიმართულებები მოძებნეთ ცნობარში, გაიგეთ, რა მოთხოვნები ჰქონდათ კონკრეტულ უნივერსიტეტებს და აკმაყოფილებთ თუ არა მათ. ყურადღება გავამახვილოთ აკრედიტაციის ვადებზე. ასევე ყურადღება მივაქციოთ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალს, რაც ზოგიერთი აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია.