აშლიჯვრის დასახლებაში მიწა დასკდა და ნაპრალები გაჩნდა. ფაქტის ამსახველ ფოტოებს მოალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშლიჯვარში მორიგი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა მშენებლობა შეჩერდა, რის შემდეგაც ადგილობრივები დაინტერესდნენ და აღნიშნულ ტერიტორიას დრონით ფოტოები გადაუღეს, აღმოჩნდა, რომ ადგილზე ნაპრალებია გაჩენილი.
“ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, შენდებოდა კორპუსი, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები, (როცა წვიმა და ქარი არ აღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რომ უკან ზიდავდნენ მიწას, როცა კამაზებით ეზიდებოდნენ გადასაყრელად….
საეჭვოდ მივიჩნიეთ მაცხოვრებლებმა და დრონით გადავიღეთ ეს კადრები, (ეკლესიის და პარკის ქვევითა მხარეა) დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე, შევატყოებინეთ ზედამხედველობას, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ მოსულან”, – წერს მოქალაქე.
თბილისის მერია ეხმაურება მოქლაქეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაშლიჯვრის დასახლებაში მიწა დასკდა და ნაპრალები გაჩნდა.
მერიის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს “გელოვანი დეველოფმენთი” ახორციელებს.
უწყება ამბობს, რომ კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. მუნიციპალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო.