„საფრთხეები არსად გამქრალა“, – ასე პასუხობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, დასაშვებია თუ არა შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძრის მშენებლობა.
შეგახსენებთ, რომ შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს გააკეთა განცხადება და თქვა: „შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“.
პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაიში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა საინფორმაციო ბიულეტენი „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ შესახებ. აღნიშნული დოკუმენტში საუბარია შოვის სტიქიის განვითარების ეტაპებსა და რეკომენდაციებზე.
უფრო კონკრეტულად, საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ „მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება“.
„დოკუმენტში ითქვა, რომ შოვში არანაირი ინფრასტრუქტურა არ შეიძლება აშენდეს, რადგან საფრთხეები კიდევ არსებობს. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ძალიან მკაფიოდ დოკუმენტია, რითაც უარი ითქვა შოვში ინფრასტრუქტურული შენობების ფუნქციონირებასა და მშენებლობაზე. მშენებლობა შოვში არ შეიძლება იმიტომ, რომ ბუბას ხეობაში არის კიდევ მყინვარი და კიდევ არსებობს საფრთხეები“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისი თქმით, შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძრის მშენებლობის შესახებ თანხმობა შესაძლოა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გასცეს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრთხეები შოვში არსად გამქრალა და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
„ეჭვი მეპარება… ვიცი, რომ გეოლოგების ჯგუფია მოყვანილი სპეციალურად, რომლებიც სწავლობენ შოვის გეოლოგიას. შესაძლებელია, რომ ამაზე (ტაძრის მშენებლობაზე) თანხმობა არ მისცეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმიტომ, რომ საფრთხეები არსად გამქრალა. ტაძარში, რომელიც უნდა იყოს ხალხმრავალი, მოქალაქეები უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
შეგახსენებთ, შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ცნობისთვის, შოვში მომხდართან დაკავშირებით დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.