სქემარქიმანდრიტი სერაფიმე გადაცემაში „ნოესთან“ სენსიტიურ თემაზე საუბრობს და იხსნებს ბავშვობაში მომხდარ ამბავს, რომელიც დღემდე აწუხებს.
„ჩვენს მეზობლად ერთი ებრაელი ბიჭი ცხოვრობდა, სადღაც 9 წლის იყო ალბათ. მე – 10. მახსოვს დამიძახეს სტუმრად, ყველაფერი ჰქონდათ – ვიდეომაგნიტოფონი – ელექტრონიკა იყო ადრე. შინაგანად სულ მშურდა, მე რომ არა და მას ჰქონდა.
ამ პერიოდში ნატანჯი ვიყავი, 2 წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ახალი ამდგარი ვიყავი. მუხიანში იყო ხრამი, ეს ბიჭი ბევრს ლაპარაკობდა. რამდენჯერმე ვუთხარი გაჩუმებულიყო, თორემ გადავისვრიდი. ავდექი და უბრალოდ ხრამთან ხელით მეჭირა, მახსოვს მისი თვალები, რომლებიც მიყურებდა და ყვიროდა, ხელი არ გამიშვაო. რა თქმა უნდა, ამოვიყვანე, მაგრამ არ არსებობს, ეს მომენტი წელიწადში 2-3-ჯერ ვნახულობ სიზმარში დღემდე. ამის შესახებ 1 000-ჯერ მაქვს ნალაპარაკები მოძღვართან, ეს ცოდვა აღარ მაქვს, მაგრამ მაწუხებს.
სანამ ბერად აღვიკვეცებოდი, ყველა ჩემს მეგობართან და მტერთან შერიგება ვცადე. ყველა ვნახე, გარდა იმ ებრაელი ბიჭისა. მითხრეს, რომ ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.
თუ მისმენს, ვეტყოდი – ერთი უნამუსო კაცი ბოდიშს ითხოვს, შენს წინაშე, რომელიც თავის დროზე ასეთი ცოდვა ჩაიდინა. რეალურად მაწუხებს, ეს მაწუხებს უკვე 31 წელია. ამ ცოდვასთან ვცხოვრობ. არაფერი ისე არ მაწუხებს, როგორც ამ ადამიანის მიმართ ჩემი დამპლური საქციელი.
უფრო და უფრო წლოვანებაში რომ შედიხარ, თუ ვინმესთან დანაშაული გაქვს უფრო და უფრო შენს თავს ღორად გრძნობ, რადგან ადამიანი კარგს გიკეთებდა და შენ რითი გადაუხადე“, – ამბობს მამა სერაფიმე.
წყარო: პრაიმტაიმი