გვესაუბრება: მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი – ქალები ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა სქესობრივი კონტაქტი ორსულობისას.
– ზოგიერთი სექსოლოგი მშობიარობას მეუღლეთა სქესობრივი ცხოვრების ლოგიკურ გაგრძელებას უწოდებს.
ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ორსულს, რომელიც მიზეზთა გამო იძულებული გამხდარა, თავი შეეკავებინა სქესობრივი ურთიერთობისგან. ამას ემატება ისიც, რომ მეუღლე ხშირად ვერ უგებს ორსულს.
ამის გამო ურთიერთობა იძაბება. მეუღლეებმა უნდა გაითავისონ, რომ ურთიერთგაგება ნებისმიერი ოჯახის კეთილდღეობის საფუძველია.
– როგორ მოვიქცეთ, თუ ორსულობის დასაწყისში სქესობრივი ცხოვრება აღარ გვსიამოვნებს ან შიში გაგვიჩნდა?
– პირველ რიგში,
უნდა გავარკვიოთ ამის მიზეზი. მეორე – უნდა გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომლებმაც გამოიწვია ეს მიზეზები.
– არსებობს თუ არა საფრთხე, სქესობრივმა აქტმა გამოიწვიოს აბორტი, ნაადრევი ან დაჩქარებული მშობიარობა?
კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომ აბორტის, ნაადრევი და დაჩქარებული მშობიარობის ალბათობა განსაკუთრებით დიდია ორსულობის პირველი სამი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უფრო მეტად – იმ ქალებში, რომლებსაც აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობისადმი მიდრეკილება ახასიათებთ. ორსულობის მიწურულს სქესობრივმა აქტმა შესაძლოა სამშობიარო ტკივილებიც კი გამოიწვიოს.
ამრიგად, თუ:
- ქალი ჯანმრთელია;
- წინა ორსულობის დროს არ ჰქონია თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;
- სქესობრივი აქტი მიმდინარეობს ფრთხილად;
- პარტნიორები გაურბიან ქალის სასქესო ორგანოების ზედმეტ გაღიზიანებას;
- იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს;
- და სქესობრივი კონტაქტი არ ხორციელდება ორსულობის ბოლო ოთხ კვირას;
- ჯანმრთელი ორსულისთვის საფრთხე უმნიშვნელოა. ორსულობის დროს სქესობრივი ურთიერთობის სასარგებლო არგუმენტები ძირითადად ფსიქოლოგიური ხასიათისაა.
პლუსები და მინუსები
– ორსულობის დროს სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავების სასარგებლოდ შემდეგი არგუმენტები მეტყველებს:
კოიტუსმა (შეუღლებამ, სქესობრივმა აქტმა) შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ტონუსის მომატება; იმის მიხედვით, რომელ თვეს მოხდება სქესობრივი კონტაქტი, იგი შესაძლოა თვითნებური აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს. თუ სქესობრივმა აქტმა მშობიარობა უმნიშვნელოდ დააჩქარა, ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საკმაოდ ხშირია სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გასკდომა, რაც მშობიარობის გახანგრძლივებას გამოიწვევს, ამას კი შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული გართულებები როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვისაც.
მამაკაცის სასქესო ორგანო პათოლოგიური ინფექციების მატარებელია, რომლებიც შეუღლების დროს საშოს ღრმა შრეებში ლაგდება. მშობიარობის შემდგომ პერიოდში იქმნება შესანიშნავი გარემო მათი ზრდისა და განვითარებისთვის, ამიტომ არსებობს მშობიარობის შემდგომი ინფექციების განვითარების საფრთხე.
ორსულობის დროს სასქესო გზები სუსტდება, რბილდება და იჯირჯვება და მეტად მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ.
ამიტომ შესაძლოა, სქესობრივი აქტის დროს წარმოიშვას ჩახევები, რომლებიც ორსულობისას გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში – დიდია როგორც სისხლდენის, ისე ინფიცირების ალბათობა. ვინაიდან ორსული საშვილოსნო გაძლიერებულად მარაგდება სისხლით, ძლიერმა ჩახევამ შესაძლოა საბედისწერო სისხლდენაც კი გამოიწვიოს.
როგორც აღვნიშნეთ, ბევრი სქესობრივ ცხოვრებას დიდი მუცლის გამო არიდებს თავს. მართალია, ორსულის მუცელზე ნებისმიერი სახის ზეწოლა სარისკოა, მაგრამ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ, თუ ცოლ-ქმარი სქესობრივი კონტაქტისთვის დამზოგველ პოზას აირჩევს. უცნობია, მავნეა თუ არა სპერმა ორსულისათვის, მაგრამ ვიცით, რომ ორულობის დროს საშოს კედლების შემწოვი უნარი მკვეთრად არის მომატებული. სავარაუდოდ, ამ დროს ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საშოში შეჭრილ უცხო ცილებს (ამ შემთხვევაში – სპერმას) ანეიტრალებს.
წყარო: mkurnali.ge