კონდიციონერი ზაფხულის განუყრელი ნაწილია და ბევრი ადამიანისათვის ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, ის შესაძლოა, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს და სხვადასხვა ინფექციისა და დააავდების წყარო გახდეს. რა შემთხვევაში შეიძლება კონდიციონერმა ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან ავირიდოთ, თემაზე “პალიტრანიუსის” ეთერში ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს:
– კონდიციონერი თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი მიღწევაა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს და მისი გამოყენება კარგია. თუმცა, არსებობს გარკვეული მიზეზები, რომელთა გამოც კონდიციონერი ჩვენი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა არა სასარგებლო, არამედ მავნებელიც აღმოჩნდეს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ სიტუაციებს, როცა შესაბამის წესებს არ ვიცავთ. პირველ რიგში, კონდიციონერის შემოწმება სპეციალისტის დახმარებით უნდა მოხდეს.
კონდიციონერით შექმნილი პრობლემა მის ბიოფილტრებს უკავშირდება, რომლებსაც წესების შესაბამისად არ ვწმენდთ ან არ ვცვლით. თუ ჩვენ შესაბამის წესებს ვიცავთ, კონდიციონერით რაიმე დაავადების, განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი დაბალია. მაგრამ, თუ ბიოფილტრები დაბინძურებულია, მას შეუძლია, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს. ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. არის როგორც ბაქტერიული, ვირუსული ინფექციები, ასევე სოკოვანი ინფექციები. დაწყებული ზემო სასუნთქი გზების პრობლემიდან, როგორიც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ზემო სასუნთქი გზების გამოშრობა, დამთავრებული ფილტვების ანთებით. ასევე, ცნობილია, რომ კონდიციონერს შეუძლია ისეთი დაავადების გამოწვევა, როგორიცაა ლეგიონელოზი. რომელსაც ბაქტერია იწვევს და მძიმე ბაქტერიული პნევმონია ვითარდება. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ძალიან იშვიათია იმიტომ, რომ ლეგიონელას მთავარი წყარო დაბინძურებული წყალია. თუ დაბინძურებული წყალი კონდიცირების სისტემაში მოხვდება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია საფრთხე, რომ ლეგიონელოზი განვითარდეს.