2024 წლის პირველ ნახევარში პოლიტიკურ პარტიებს 3,072,601 ლარის შემოწირულობები ჩაურიცხეს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა 1,408,206 ლარი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. მეორე ადგილზეა “ლელო საქართველოსთვის” 900,490 ლარის შემოწირულობით, მესამეზე კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა 462,170 ლარის შემოწირულობით.
ქართულმა ოცნებამ წელს სულ 53 შემოწირულობა მიიღო, საიდანაც 4 შემოწირულობა კანონით დადგენილ შემოწირულობის მაქსიმუმს, 60,000 ლარს შეადგენდა. პარტიების შემოწირულობის პორტალის თანახმად, მმართველ პარტიას 12,000 ლარი შესწირა თბილისის მერმა კახა კალაძემ, 10,000 ლარის შემოწირულობა გააკეთა პარტიის სასარგებლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა.
რაც შეეხება პარტია “ლელო საქართველოსთვის” მის შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 60-60 ათასი ლარი შესწირეს.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 462,170 ლარის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად, 58,300 ლარი გადაურიცხა.
პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები ასე ნაწილდება:
ქართული ოცნება – 1,408,206 ლარი;
ლელო საქართველოსთვის – 900,490 ლარი;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 462,170 ლარი;
ხალხის ძალა – 96,000 ლარი;
ევროპული საქართველო – 68,046 ლარი;
საქართველლოსთვის – 50,879 ლარი;
შეცვალე საქართველო – 25,922 ლარი;
ხალხისთვის – 16,910 ლარი;
სოლიდარობა მშვიდობისთის – 16,300 ლარი;
ევროპელი სოციალისტები – 10,300 ლარი;
ლეიბორისტული პარტია – 9,352 ლარი;
ელენე ხოშტარია – 4,240 ლარი.