ცნობილი წყვილების დაშორება ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველა ქვეყანაში მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. განსაკუთრებულად საინტერესო კი მაშინ ხდება, თუ წყვილის განქორწინებას სკანდალები ახლავს თან.
ქართულ რეალობაში ბოლო წლებია, რაც წყვილები ღიად ლაპარაკობენ განქორწინებაზე, თანაცხოვრებისას განცდილ ძალადობასა და იმ პრობლემებზე, რომელიც მათ ქორწინების დროს შეხვდათ.
წარმოგიდგენთ ქართველ წყვილებს, რომელთა განქორწინების დეტალებზე მედია დღემდე წერს…
- მიშა ანდღულაძე და მარი უძილაური
იუმორისტი ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. თითქოს მათი განქორწინება ხმაურიანი და სკანდალებით სავსე არ უნდა ყოფილიყო, რომ არა მიშას ინტერვიუ, ერთ-ერთ გადაცემაში. იუმორისტმა ღიად ილაპარაკა, რომ ცოლი ღალატობდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თავიდანვე ჰქონდათ დადებული, ამას ძალიან განიცდიდა. სკანდალი ამით არ დასრულებულა და ორი დღის წინ მედიაში იუმორისტის ძმისა და დედის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი ყვებიან, მიშა თვითონ ღალატობდა ცოლს. წყვილს ერთი საერთო შვილი – 12 წლის ვაჟი ჰყავს.
- ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური
ისინი 11 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი თანაცხოვრების სკანდალური დეტალები ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. ნინუცა მაყაშვილთან განქორწინების შემდეგ, ბესო ზანგური კიდევ ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში, თუმცა გადაცემაში “ფარული კონვერტი“ ნინუცამ წლებისწინანდელ ძალადობაზე ილაპარაკა – თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ქმარი მაშინაც კი, როდესაც ორსულად იყო. წლების წინ ჩადენილი ძალადობა ზანგურს საზოგადოებამ არ აპატია. მიუხედავად იმისა, რომ მაყაშვილმა პოლიციაში დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა, ზანგური რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს.
- ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე
წლების წინ ეკა სამხარაძე “რუსთავი 2”-ზე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ნოე სულაბერიძე კი – ამავე არხზე პროდიუსერი. მათი “ლავსთორი” სწორედ ამ ტელევიზიაში დაიწყო და ქორწინებით დასრულდა. იმჟამად ნოე სულაბერიძის ანგარიშზე უკვე იყო ერთი ქორწინება, რომლიდანაც ვაჟი ჰყავდა. ეკას და ნოეს გოგონა შეეძინათ, თუმცა მალე “იმედის” არხზე გადასული ნოე, არაერთ სკანდალში გაეხვა. ჭორები რომ სულაბერიძე სხვადასხვა ცნობილ ქართველ ქალებთან იყო სასიყვარულო ურთიერთობაში, მეუღლეს არ გამორჩენია და ეკა სამხარაძემ ქორწინება დაასრულა. ნოე მედიასთან ჯიუტად ამბობდა, რომ წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ეკა სამხარაძის ინტერვიუმ, რომელშიც ყოფილი ქმრის გატაცებებზე ისაუბრა, საბოლოოდ დაუსვა მათ ოჯახურ ურთიერთობას წერტილი.
ნოემ, ეკასთან დაშორების შემდეგ, ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა და წყვილს საერთო შვილი ჰყავს. ეკა სამხარაძე კი წლებია მოქანდაკე ზურაბ არაბიძეზეა შეყვარებული. არაბიძე მოსკოვში ცხოვრობს და სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად აწყობს გამოფენებს.
- ია ფარულავა და ტარიელ სუარი
მათი დაქორწინებაც სკანდალური იყო. ვიდრე ია ფარულავამ ეკლესიიდან ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა, მანამდე ხალხმა არ დაიჯერა, რომ შოუ “ნიჭიერში” სცენაზე ხელის თხოვნის შემდეგ მუსიკოს ტარიელ სუარს ია ფარულავა ცოლობაზე დათანხმდა. ერთად ცხოვრების დაწყებიდან მალე ყველაფერი აირია.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა მუსიკოსი ქმარი კატა ზუზის ფანჯრიდან გადაგდებაში დაადანაშაულა. მალე ია ფარულავამ განაცხადა, რომ რიგით მეოთხე ქმარს დაშორდა… მართალია, მას შემდეგ ია და ტარიელი საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილა, მაგრამ ამბობენ, რომ წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს.
- ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნეკას და ნიკოლოზის განქორწინების დეტალები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ პანდემიის დროს კორონავირუსის შესახებ სიახლეებიც კი გადაფარა. ამჟამად ყოფილი ცოლი ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმე ძიების პროცესშია. მათ შორის ქონებრივი დავაც მიმდინარეობს.
ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე ქართულ რეალობაში, როდესაც ცნობილი ადამიანი ძალადობაში ამხილეს და მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც ჰგონია, რომ სპორტსმენი შანტაჟის მსხვერპლია. წყვილის სასამართლო პროცესი რამდენიმეჯერ გაიმართა, თუმცა საქმე ჯერ არ დასრულებულა. ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად ბოლო თვის განმავლობაში დუბაის სტუმრობს, ჩოგბურთელმა კი, სკანდალური სასამართლო პროცესის ფონზე, არაერთ წარმატებას მიაღწია.
- ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე
ნინი ბადურაშვილის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ვიდრე განქორწინება. ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი იმჟამად ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი შვილიშვილი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს მიყვებოდა ცოლად. მიუხედავად ოჯახის კმაყოფილებისა, ქართული საზოგადოებისთვის მომღერლის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება კრიტიკის მიზეზი გახდა. მომღერალი ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა, როდესაც საქმრო დაუწუნეს. სკანდალური აღმოჩნდა განქორწინებაც. თბილისში ნინი ორსული დაბრუნდა, თუმცა ოჯახი მალავდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ვიდრე ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ არ დაიბეჭდა, რომელშიც მამაკაცი ნინის ყოფილად მოიხსენიებდა და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდა.
ირაკლი კუტალაძე და ნინი ბადურაშვილი დღეს კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, საერთო ქალიშვილი კი ხშირად სტუმრობს მამას მოსკოვში. უფრო მეტიც, ირაკლი კუტალაძე ნინი ბადურაშვილს “ინსტაგრამზე” ყველა ფოტოს “უგულავს”.
- შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე
შორენა ბეგაშვილმა მეორე ქმარს დაშორების ამბავი “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ფოტოთი გააგებინა, რომელზეც იუსტიციის სახლში განქორწინების ფურცლით იყო გადაღებული. თუმცა ნანაძე-ბეგაშვილის წყვილის ქორწილამდე მისვლაც მარტივი არ ყოფილა, რადგან ბიზნესმენს ოჯახი და შვილები ჰყავდა, როდესაც შორენაზე იყო შეყვარებული. ქართველი სექსსიმბოლო მარტო დიდხანს არ დარჩენილა. როგორც ამბობენ, მესამე ოჯახი თურქეთში მოღვაწე ქართველ კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან შექმნა. მართალია, ამ ფაქტს ტელეწამყვანი დიდხანს უარყოფდა, თუმცა პანდემიის მიუხედავად არაერთხელ ჩააკითხა უცხოეთში საყვარელ მამაკაცს და საერთო ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
- ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
მათი წყვილი ერთ-ერთია, რომელიც სკანდალურად დაქორწინდა. ორი სამეფო შტოს გაერთიანების მიზნით, ანა და დავითი მონარქიის აღდგენით აღტკინებულმა ჯგუფმა დააქორწინეს. პროექტი არ შედგა და ცნობილი გახდა, რომ დავითი უზომოდ იყო შეყვარებული შორენა ბეგაშვილზე.
მემკვიდრე დაიბადა, მაგრამ სამეფო ოჯახმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო და განქორწინდნენ. სასამართლო პროცესი როგორც პირველობაზე, ისევე ძალადობასა და ქონების გაყოფაზე ანასა და დავითს შორის დღემდე გრძელდება.
განქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდგე, ცნობილი გახდა, რომ დავით ბაგრატიონი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ირინა ბეგაშვილია. “პრინცი“ მეორე ცოლს საზოგადოებას აღარ უმალავს და ოფიციალურ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ირინასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
- ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკასა და ერეკლეს “ლავსთორი” წლები გრძელდებოდა. მაშინ პოპულარულ ჟურნალისტსა და კუდის მაღალჩინოსანზე ბევრს ჭორაობდნენ, რადგან კოდუას სახლში ცოლი და 5 შვილი ჰყავდა. ნანუკაზე შეყვარებულმა კოდუამ ოჯახი დატოვა და წყვილმა ერთად ცხოვრება ჟურნალისტის სახლში დაიწყეს და შვილიც შეეძინათ.
არავინ იცის დაინგრეოდა თუ არა ოჯახი, რომ არა პოლიტიკური ცვლილებები. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერეკლე კოდუას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო და მაღალჩინოსანმა ევროპას შეაფარა თავი. თავიდან ნანუკა ხშირად ჩადიოდა ქმრის სანახავად, თუმცა ვიზიტები შეწყდა და მას შემდეგ რაც მედიაში კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ დაიწერა და ფოტოებიც გამოქვეყნდა, ჟურნალისტმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა კოდუასთან ურთიერთობის დასრულების შესახებ.
ირაკლი კოდუას მესამე მეუღლე უკვე დიდი ხანია რაც კატიკა დიდაა. წყვილი ბედნიერად ატარებს დროს და ხშირად აქვეყნებს მოგზაურობის დროს გადარებულ ფოტოებს.
- თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია
ისინი ბავშვობიდან იყვნენ შეყვარებულები, მათი მშობლები კი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. ბექამ და თიკამ ადრეულ ასაკში იქორწინეს და შვილის შეძენიდან ძალიან მალე განქორწინდნენ. თიკა ამ თემაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობდა, მან ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ბექამ უღალატა, რაც არ აპატია მომღერალმა. ბექას ამჟამად მეორე მეუღლე ჰყავს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა. თიკა კი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ბექასთან ურთიერთობა დაალაგა და ის ბოლო დროს კარგი მამა გახდა.
- სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე
სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის რომანი წლებს ითვლიდა, როდესაც “ცეკვავენ ვარსკვალვებში” სალომეს საკუთარი მეწყვილე გიორგი ვარდოსანიძე შეუყვარდა. ამბობენ, რომ იმჟამად სალომესა და გიგის შორის ურთიერთობა უკვე არეული იყო.
პროექტის დასრულებიდან მალე სალომემ და გიორგიმ გრანდიოზულად იქორწინეს და ჯვარი დაიწერეს. გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში წყვილი განქორწინდა. გიორგი ვარდოსანიძე მალე ასაკით უფროს უცხოელ ქალთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში. სალომე ჭაჭუას პირადი ცხოვრების შესახებ კი აქამდე არაფერია ცნობილი.
- გიგი უგულავა და ლელა კილაძე
ლელა კილაძე საბედისწერო ქალი აღმოჩნდა გიგი უგულავასთვის. ჯერ კიდევ თბილისის მერი იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლელა კილაძეზე შეყვარებული უგულავა ცოლს დაშორდა. მათ მალე იქორწინეს კიდეც. ამბობდნენ, რომ გიგი სიგიჟემდე იყო შეყვარებული ქალზე. ლელას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა, მესამე კი – გიგისთან შეეძინა.
პირველად ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის “ლავსთორის” შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც გიგის კარიერულად არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა და “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მისი საქმე სასამართლოში იხილებოდა. ლელა პროცესებს ესწრებოდა, დაკავების მომენტში გადაღებული გულისამაჩუყებელი კადრები მედიაში გავრცელდა.
თუმცა გიგის დაკავების შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლელა რეალურად გუკასთან ერთად ცხოვრობდა. ჭორებს წერტილი გიგი უგულავას წერილმა დაუსვა, რომელშიც ის მისი და ლელას განქორწინების შესახებ წერდა.
- ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი
არანაკლებ სკანდალური და ხმაურიანი აღმოჩნდა ლელასა და გუკას თანაცხოვრება. ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალმა ქმარს უჩივლა შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო. გუკა დააკავეს და გლდანის იზოლატორში რამდენიმე თვე გაატარა. სამი თვის წინ რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. მართალია, წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა, თუმცა ამბობენ, რომ გუკა და ლელა ძველებურად ერთად ცხოვრობენ.
წყარო: ambebi.ge