ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში – ორბელიანის ქუჩაზე მოკლული 18 წლის ნიკიტა აგიევის ოჯახი მოწმეს დაუპირისპირდა.
“მკვლელი და მატყუარა” – ეს სიტყვები ისმოდა სასამართლოში. კონფლიქტის მიზეზი მოწმის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება გახდა. ოჯახი მის დაკავებასაც ითხოვს, რადგან ამტკიცებენ, რომ ნიკოლოზ ბუაჩიძე მკვლელობის თანამონაწილეა.
სასამართლო დარბაზიდან დამოსული მოწმე ჟურნალისტის კითხვებს თავს არიდებს – არ პასუხობს მკვლელობის დღეს, რატომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე ან რატომ არ შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ.
„არ ვიმყოფებოდი. არაფერი არ შემიტყობინებია,“ – ამბობს მოწმე.
საქმის პროკურორის თქმით, სასამართლო დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა – ერთმანეთს დაზარალებული მხარე და ბრალდების მხარე დაუპირისპირდა. ლევან ვეფხვაძის თქმით, სამედიცინო ექსპერტმა, რომელიც დღეს დაიკითხა სხდომაზე, დაადასტურა, რომ ოთხივე ჭრილობა ერთობლიობაში იყო სიკვდილის გამომწვევი.
დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე, რომელიც მკვლელობის დროს იმყოფებოდა ბრალდებულთან ერთად, მისი ჩვენების განხილვის დროს სიტუაცია დაიძაბა დარბაზში, იმიტომ, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მხარესა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა შელაპარაკება. ასევე, დაიკითხა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც განმარტა და დაადასტურა, რომ გარდაცვლილს მიყენებული ჰქონდა 4 ჭრილობა, რომლიდანაც ერთობლიობაში ყველა ერთობლივად იყო სისხლმდინარე და სიკვდილის გამომწვევი, მათ შორის, მიყენებული იყო სხეულის სხვადასხვა ორგანოზე. საბოლოო ჯამში, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ამ მტკიცებულებებით დგინდება არის ის, რომ ბრალდებულმა განახორციელა განზრახ მკვლელობა,“ – ამბობს ლევან ვეფხვაძე.
21 წლის ნიკიტა აგიევი ცივი იარაღით ორბელიანის მოედანზე მოკლეს. ნივთმტკიცება პოლიციელებმა ორბელიანის მოედანზე იმ ადგილზე ნახეს, რომელსაც სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. 21 წლის აგიევი სასწრაფო დახმარების სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცებს შორის კონფლიქტი თვეების წინ დაიწყო, რაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.
კაცი, რომელმაც ორბელიანის ქუჩაზე მეგობარი მოკლა, მოსამართლემ ორთვიან პატიმრობაში დატოვა – სანდრო პაკელიანი საბრალდებო სკამზე დუმდა. ბრალდებულს არ უთქვამს, თუ რის გამო გაიმეტა ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ.
გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.