1985 წლის 5 თებერვალს რონალდუ ქალაქ მადეირასთან ახლომდებარე სანტო ანტონიოს მთიან რეგიონში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს დე ავეიროა
მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.
ერთხელ კრიშტიანუ რონალდუს ჰკითხეს, რატომ ცხოვრობს დედასთან, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით შემოსავალი და ყველა პირობა აქვს, რომ ცალკე, დამოუკიდებლად იცხოვროს. მან კი ჟურნალისტებს ისეთი პასუხი გასცა, რამაც უამრავ მკითხველს დადებითი ემოციები აჩუქა და ცრემლი მოჰგვარა:
“დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა”
ფეხბურთელის დედა სასტუმროში მზარეულად მუშაობდა, მამა კი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ანდორინიაშის ადმინისტრატორი იყო და გამომუშავებულ ჰონორარს სასმელში ხარჯავდა. რონალდუს მამა ალკოჰოლიკი იყო, თუმცა ის განსაკუთრებით ზრუნავდა კრიშტიანოზე და შვილი სათამაშოდ იმ კლუბში მიიყვანა, სადაც მუშაობდა. ანდორინიაში იყო რონის პირველი გუნდი, საიდანაც შედგა მისი პირველი ტრანსფერი. ზუსტად 2 წლის შემდეგ კი ის ლისაბონის სპორტინგის სინჯებზე მიიწვიეს და კლუბმა 12 წლის ფეხბურთელში 25 ათასი ევრო გადაიხადა.
რონალდუს შეძენის პირველი მსურველი იყო ინგლისური „ლივერპული“, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა „სპორტინგმა“ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.
2003 წლიდან პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კარიერა ალექს ფერგიუსონის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მისი ხელფასი კი, თუ ადრე თვეში 2 ათასი ევრო იყო, სულ მალე კვირაში 20 ათას ევრომდე გაიზარდა. ფულს ის ოჯახის კეთილდღეობისთვის ხარჯავდა. მისი წყალობით, დედამ სამსახურს თავი დაანება, ძმა კი, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო, განიკურნა და მხატვარ-დეკორატორი გახდა ერთმა დამ მაღაზიათა ქსელი გახსნა, მეორემ კი – მუსიკალური კარიერა შეიქმნა.
2009 წელს რონალდუ ესპანური კლუბის – მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდა. მისი ოცნება იყო „რეალში“ ეთამაშა, თუმცა ინგლისის დატოვებისას განაცხადა, რომ ფერგიუსონი სპორტის სამყაროში მისი მამობილი იყო. რეალ მადრიდის შემდეგ, 2018 წლის 10 ივლისს რონალდუმ ხელი მოაწერა ოთხ წლიან კონტრაქტს იმ პერიოდისთვის იტალიის მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსთან“, „იუვენტუსმა“ მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა. 2023 წლის 1 იანვრიდან ის იცავს ერ-რიადის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრის“ ღირსებას.
რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.
2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.
2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანი იყო. ამ ტურნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ პორტუგალია 1/2 ფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდუმ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და ტურნირს გამოეთიშა.
ევრო 2016-ზე რონალდომ მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი კაპიტნობით პორტუგალიამ ჩემპიონობა მოიპოვა. რონალდუს გადაეცა ვერცხლის ბუცი.