პრემიერირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, რაც დაფასებას იმსახურებს.
“ბოლო დღეებში, ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება, დამყარება, სახელმწიფო მოქმედებს, სწორედ, ამ პასუხისმგებლობით. დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება, დღეს დაჯილდოვდა არა ერთი დიასპორის წარმომადგენელი იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე. საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კი, ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა,რითიც F ჯგუფიდან გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში “ჯვაროსნები” ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.