სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “მთის კურორტების განვითარების” კომპანიის ყოფილმა დირექტორმა ანაზღაურება საკუთარი ბრძანებით გაიზარდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, შედეგად, 2 წლის განმავლობაში მან ანაზღაურების სახით დამატებით 109 021 ლარი უსაფუძვლოდ მიიღო.
აუდიტის ცნობით, საუბარია 2-წლიან პერიოდზე, 2016 წლის ნოემბრიდან – 2018 წლის ნოემბრამდე. ამ დროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილი დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი იყო, რომელიც შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა.
ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი, რომელიც სანდრო ონოფრიშვილის მეუღლეა, ბრალდებებს პასუხობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვეხმაურები სხვადასხვა მედია საშუალებებში მომზადებულ მასალებს, რომელიც ჩემი მეუღლის, სანდრო ონოფრიშვილის, მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს უკავშირდება.
გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ, რომ ტექნიკურადაც კი შეუძლებელია სანდროს, როგორც „საქართველოს მთის კურორტების კომპანიის“ ყოფილ დირექტორს ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში თვითნებურად გაეზარდა ხელფასი, როდესაც სამინისტრო კომპანიის ბიუჯეტსა და სახელფასო განაკვეთს ყოველწლიურად ამტკიცებს.
ხელფასის დეტალებს ჩემი პოსტის მიწურულსაც დავუბრუნდები. მანამდე მისი უფლებაა ჯერ არ აკეთებდეს კომენტარს. დაინტერესებული პირები კი ჩემგან მიიღებთ პასუხებს კითხვებზე: მოხსნის მაგივრად რატომ დააწინაურეს და რა მიღწევებისა და პასუხისმგებლობებზე დაფუძნებით მოემატა ხელფასი 2016 წელს?ჩემი ქმარი, სანდრო ონოფრიშვილი ის კაცია, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში (2012 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით):
1. ამ 6 წლის მანძილზე გაფართოვდა და დამატებით 6 კურორტი შემოიმატა „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, რომელიც სანდროს დანიშვნამდე მხოლოდ ერთ კურორტს, „გუდაურს“, მართავდა.
2. ტურისტების რაოდენობა სამთო კურორტებზე 7-ჯერ გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
3. აშენდა სათხილამურო არეალი „კოხტა-მიტარბი“.
4. ამუშავდა აჭარაში კურორტი „გოდერძი“.5. დასრულდა მშენებლობა სვანეთში „თეთნულდზე“ და კურორტ „ჰაწვალთან“ ერთად დაიწყო ოპერირება.
6. აშენდა კობი-გუდაურის საბაგიროები. პირველად საქართველოს ისტორიაში „ყაზბეგი“ ტრანსპორტით დაუკავშირდა დედაქალაქს და ზვავ საშიშროების გამო გზის ჩაკეტვის პერიოდში აღარაა მოწყვეტილი.
7. პირველად საქართველოში დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რითაც საგრძნობლად გახანგრძლივდა სათხილამურო სეზონი სამთო კურორტები გუდაურსა და ბაკურიანში გაუტოლდა ევროპის სტანდარტებს.
8. პირველად საქართველოში საბაგიროები ამუშავდა ზაფხულის სეზონზე, რამაც ტურისტების დამატებითი ნაკადი გამოიწვია.
9. პირველად საქართველოში დაარსდა პროფესიული გადამზადების „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ სამთო გიდების ასოციაციასა და განათლების სამინისტროსთან ერთად. სერთიფიცირებული კურსდამთავრებულები (სამთო გიდები, სათხილამურო გიდები, სკიტურის გიდები და ა.შ.) არაპანდემიურ პირობებში 100%ით საქმდებიან.
10. პირველად საქარველოს ისტორიაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდა ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან ჩამოსული 300-ზე მეტი დელეგატი, ექსპერტი და ჟურნალისტი. სამთო კურორტების ცნობადობის გაზრდის კუთხით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო.
11. პირველად საქართელომ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სნოუბორდსა და ფრისთალში – „ბაკურიანი 2023“
12. პირველად საქართველომ მოიპოვა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება -„ბაკურიანი 2025“.ბევრ მენეჯერს იცნობთ, ვინც ქვეყნის წინსვლისთვის ამდენ მსხვილ პროექტს ედგა სათავეში? თან ამ ჩამონათვალში მხოლოდ ჩემს მეხსიერებას ვეყრდნობოდი. არცაა გასაკვირი ქვეყნისთვის სასიკეთო მის საქმეთაგან კიდევ არაერთი გამომრჩენოდა და იცით რატომ? დღეში ასობით კილომეტრს ფარავდა მანქანით, ერთი მაღალმთიანი რეგიონიდან, მეორეზე გადასასვლელად.
იქ, სადაც ურთულესი სამუშაო პირობები და მკაცრი კლიმატია, იქ, სადაც შენი ქვეყნის განსავითარებლად არ ითვლება ბარიერებად არც უგზოობა, არც ყინვა და არ დიდთოვლობა.
ამ 6 წლის მანძილზე სანდროს არცერთხელ, ვიმეორებ არცერთხელ უსარგებლია შვებულებით. “რა დროს დასვენებაა, ამხელა შანსი მომცა ღმერთმა ქვეყანას ვემსახუროო” – მითხრა ერთხელ და მას შემდეგ ჩვენ აღარც განგვიხილავს ოჯახში დასვენების საკითხი. იმიტომ, რომ მისმა სიტყვებმა უკეთ გამააზრებინა, რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს და როგორ უნდოდა მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს დრო საქართველოს წინსვლისთვის.
სანდრო და მისი გუნდის წევრები ხელფასს იღებდნენ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ კომპანიის კუთვნილი შემოსავლებიდან, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში 7-ჯერ გაიზარდა.
ამ 6 წლის მანძილზე, სანდროს ხელფასი დანამატით 3500 ლარიდან ეტაპობრივად, ვალდებულებების მატებასთან ერთად ადეკვატურად იზრდებოდა. 2016 წელს რიგით მე-7 კურორტის, „თეთნულდის“, მართვაც დაევალა და საბოლოოდ მისი ხელზე ასაღები ხელფასი 6000 ლარით განისაზღვრა.
მაქვს კითხვა: რამდენი უნდა ჰქონოდა ხელფასი მენეჯერს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მიღწევების ფონზე მართავდა 7 სამთო კურორტს და პასუხისმგებელი იყო 500-მდე თანამშრომელზე საქართველოს 4 სხვადასხვა მაღალ მთიან რეგიონში?” – წერს არაზაშვილი.