ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომელსაც სესხის პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზე ჰქონდა მიბმული, მომსახურების პროცენტი გაუძვირდა.
28 აპრილის გადაწყვეტილებით სესხის პროცენტი 8,5 პროცენტიდან 9,5 პროცენტამდე იზრდება. გადაწყეტილებას ბანკი ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით ხსნის.
პროცენტი გაეზარდა ყველა იმ პირს, რომელსაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე ჰქონდა მიბმული.
ინფორმაციის გადამოწმება სასესხო ხელშეკრულებებში ან სესხის გამცემ ბანკშია შესაძლებელია.
“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 700 სესხია გაცემული.
შესაძლებელია თუ არა, რომ ამის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი კვლავ გაიზარდოს? რა გველის 23 ივნისის შემდეგ – ამაზე “პრაიმტაიმტან“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე საუბრობს.
მისი ვარაუდით, 28 აპრილის შემდეგ, ყველას, ვინც ლარში სესხს აიღებს, სესხი გაუძვირდება.
„ეს ძირითადად, ეკონომიკური კრიზისით, ლარის კურსის გაუფასურებით. ეროვნული ბანკის მთავარი სამიზნე ფასების სტაბილურობაა. შესაბამისად, მან საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო, ცუდსა და უარესს შორის იყო არჩევანი.
ამ მდგომარეობამდე იმიტომ მივედით, რომ გვაქვს ეკონომიკური ვარდნა, გაჩერებულია ტურიზმის, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც ხელს უშლის ეკონომიკის სრულად ამუშავებას და პლუს, ხელს უშლის ტურისტების შემოსვლასაც. ვერ მოვასწარით ვაქცინაცია და ამ შედეგებით მივედით იქამდე, რომ ფასები იზრდება. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის დროული ვაქცინაციაა, რომ საბოლოოდ გაიხსნას ქვეყნის ეკონომიკა“, – ამბობს კეპულაძე.
რა გველის 23 ივნისის შემდეგ – „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის განმარტებით, ეკონომიკაში მოვლენების წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა გარკვეული პროგნოზები შესაძლებელია.
„მონეტარული კომიტეტის სხდომები არის გაწერილი, წელიწადში დაახლოებით, 8-ჯერ ტარდება. 23 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, როგორი მდგომარეობა იქნება ინფლაციის, ეკონომიკის თვალსაზრისით, ძალიან ბევრ ფაქტორსა და გარემოებას შეაჯამებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც ეროვნულმა ბანკმა განმარტა, არ არის გამორიცხული, რომ თუ ინფლაციის შებოჭვა ვერ მოხერხდა, მას კვლავ მოუწიოს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. 2 თვით ადრე ძალიან რთულია რა იქნება ივნისში და ამის შემდეგ, ამიტომ ჩვენ რც ზუსტად ვიცით – 23 ივნისამდე და მას შემდეგ გვაქვს გასაკეთებელი – სწრაფი ვაქცინაცია, სანდრო ვაქცინების დროული შემოტანა ქვეყანაში და მასობრივი ვაქცინაციის დროულად დაწყება, სხვა გამოსავალი დღეს კაცობრიობამ ამ ვირუსთან ბრძოლის და ეკონომიკის ამუშავების ვერ მოძებნა“, – ამბობს კეპულაძე.
რა გველის ყველაზე ცუდ შემთხვევაში:
„ახლა რეფინანრისების განაკვეთი არის 9,5%, ვიმედოვნებ, წელს ეროვნულ ბანკს არ დასჭრირდება 10%-ზე მეტი ზრდა.
მისი ამჟამინდელი ქმედებები – მკვეთრი ნაბიჯი და საკმაოდ მნიშვნელოვანი 1%-იანი ცვლილება გამოიღებს შედეგს და უფრო მეტად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არ დადგება.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელსაც სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ვერ განსაზღვრავს და ის არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ნაწილობრივ შეიძლება, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობას აკისრია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ გიორგი კეპულაძე.