დღეს დიდი ხუთშაბათია, ტაძრებში 12-გზის სახარება იკითხება.
საპატრიარქოს ცნობით, წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.
რომელიც იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).
„თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით – გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.
ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.
საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.
ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), – შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო – ზიარება.
როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის – ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.
შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.
იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.
ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.
დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.