წავიდა თავის ბელასთან… ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, უკვე თითქოს იქითკენ იყო ყველაფერი, რომ ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ ეს დიდი მსახიობი, ჯერ მაინც არ გვემეტებოდა მარადისობაში გადასასვლელად…
85 წლის იყო. ვერაგი ვირუსი ნოემბრის ბოლოს შეეყარა. მერე თითქოს გაიმარჯვა მასზე. სახლშიც მოასწრო ყოფნა, თავის გემოზე…
ერთადერთი ვაჟი ამერიკიდან ჩამოვიდა და სახლში გაწერილ მამას, სიურპრიზად მიაკითხა კლინიკაში. ქალიშვილთან ერთად უვლიდა ირაკლი, მონატრებულ და ნაავადმყოფარ მამას ესიყვარულებოდა… თებერვალში ფილტვების ანთებით ისევ უკან მიაბრუნა ლევან რატიანმა.
ქრონიკული დაავადებების მქონეს, კოვიდმა ჯანმრთელობა შეურყია. უკანასკნელი თვეები რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. პერიოდულად მძიმდებოდა. ექიმები არ ნებდებოდნენ.
“კლინიკაში ისეთი კარგი პირობებია და თბილი ადამიანები ისე ევლებიან თავს, არ იცი, როგორ უთხრა მადლობა, ლამის გული გაგისკდეს ადამიანს. რასაც ვუყურებ, ზღაპარი მედპერსონალი ჰყავთ. ყველა თვალის გახელაზე ასი თვალი უყურებს, ა, ბიჭო, რა გინდა, ხომ არაფერი გიჭირსო. ლევან რატიანი ამბობს, რომ ყველაფერი აუჩქარებლად მიდის. ნელნელა უნდა დაუბრუნდეს ჯანმრთელ მდგომარეობასო” – პირველ აპრილს გვითხრა მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ.
“საკმაოდ კრიტიკულია, სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს გული. რეანიმაცია მწვავდება, ნებისმიერ დროს შეიძლება დაფიქსირდეს ბიოლოგიური სიკვდილი” – მსახიობის გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გვითხრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
და ვნების კვირის სამშაბთს გაჩერდა ლეგენდარული კახი კავსაძის გული…
ადამიანებს ხომ გვიყვარს სიტყვა – დამთხვევა. დამთხვევაა ის, რომ მისი განუყრელი მეგობარი, ასევე ლეგენდარული, გივი ბერიკაშვილიც ვნების კვირაში გარდაცვლილა…
მანანა ბერიკაშვილი: – კახი ისეთივე დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორიც დარჩა მამაჩემი. თუ ვინმეს ეს ამბავი გაეხარდა იქ, ერთ-ერთი პირველი გივია. თავის გივისთან, ბელასთან და ახლობლებთან წავიდა.
ბოლოს რომ ვნახე, მომიტრიალდა და მითხრა, კაცო, რა არის იცი? ადგა და წავიდაო! ვერ მივხვდი. ვინ წავიდა-მეთქი? ვინ და გივი! ადგა, წავიდა და დამტოვაო. გაბრაზებულმა მითხრა, თავისი მანერით. ამაზე სულ აღშფოთებული იყო. ვერ მიიღო ეს ინფორმაცია. ისინი ხომ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.
ბევრი იწვალა და გული მტკივა.
გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა და თუ არ ვცდები, ისიც სამშაბათს, რადგან შაბათს დავკრძალეთ. დაიბარა, ბელას გვერდით დამკრძალეთო, მაგრამ, ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.
ჩემთვის ის ისეთივე ახლობელია, როგორ მამაჩემი. ჯერ გონს ვერ ვართ მოსული.