რა შემთხვევაშია შესაძლებელი საკუთარი პროფესიით დასაქმება იტალიაში, ამ კითხვას ხათუნა ტატუნაშვილი, ქალაქ პიზაში მოღვაწე ქართველი იურისტი exclusive TV-თან პასუხობს.
როგორც ემიგრანტთა ვებ-გვერდი წერს, ხათუნა ტატუნაშვილი ასოციაცია “Tutto insieme Georgia”-ს დამფუძნებელი და მისი პრეზიდენტია. ის იტალიის ტერიტორიაზე სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. თანამშრომლობს გადასახადებისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან. ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საკითხებში.
„იმისთვის, რომ იტალიის რესპუბლიკაში საკუთარი პროფესიით დასაქმდეთ, საჭიროა თქვენი დიპლომის, ასევე ჩაბარებული გამოცდების თარგმნა და ლეგალიზაცია საელჩოში.
შემდეგ, თქვენი კვალიფიკაციის შესაფერის უნივერსიტეტში (იტალიის) იგზავნება, სადაც გავლილი სასწავლო პროგრამების დონის განსაზღვრა ევროპის დონეების სტანდარტებთან შეფარდებაში მოხდება. ხოლო თუ დონეები თანაფარდობაშია და არ მოითხოვენ დამატებითი გამოცდების ჩაბარებას, თქვენი ტიტული იქნება აღიარებული (დამოწმებული) კონვერტირებადი, რომლითაც შეგეძლებათ მუშაობა იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
იტალიური ენის ცოდნა არ არის სავალდებულო, მთავარია საერთაშორისო ენას ფლობდეთ.
რაც შეეხება პერმესოს, ამისთვის საჭიროა, სამუშაოდ რომელიმე კომპანიამ მოგიწვიოთ, რომელსაც თქვენი დონის სპეციალისტი ესაჭიროება, კეთდება საბუთი casi speciali სამუშაო მოტივით, ამ შემთხვევაში – “autonomo” და სამუშაო კონტრაქტის ვადამდე იქნება ძალაში აღნიშნული პერმესო. მისი განახლება კი სხვა სამუშაოს კონტრაქტითაც შეიძლება.” – წერს გამოცემა.