უგზო-უკვლოდ დაკარგულ 21 წლის ქართველ მამაკაცს, რომელზეც ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ ყვითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, ამ დრომდე ეძებენ.
გოგი დოლიძე ბუნდოვან ვითარებაში 17 წლის ასაკში გაუჩინარდა. ჯგუფში „ვეძებ“ გოგის და, თეონა დოლიძე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს.
„ეს ჩემი ძმაა გოგი დოლიძე, ის 3 წელია დაკარგულია. სახლიდან წავიდა სკოლაში და არ მისულა. მას შემდეგ არაფერი ვიცით. ახლა 21 წლის არის. არ ვიცით რა მოხდა, რის გამო წავიდა. თუ ვინმეს გეცნობათ, ან სადმე გინახავთ, მომწერეთ, ძალიან გაგვახარებთ. საკმაოდ დიდი ჯგუფია და გადავწყვიტე დამედო, იმედი მაქვს რომ ცოცხალია და ერთ დღეს გავიგებთ მასზე რამეს. ყველას გისურვებთ გეპოვოთ ის, ვისაც მთელი გულით ეძებთ და თქვენი სისხლი და ხორცია.
(წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე რაღაც მოხდა, ჩხუბი თუ დაცემა ზუსტად არ ვიცით (დაეცაო ამბობენ) წინ კბილი ჩამომტვრეული ჰქონდა, იქნებ ამ ნიშნითაც ვინმემ იცნოს) ქუჩაში ყველა ამ ასაკის ბიჭს ვაკვირდები. სულ ვეძებ თვალებით, იქნებ სადმე წავაწყდე-მეთქი“, – წერს დაკარგული ბიჭის და.
ცნობისთვის, გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს დილის ცხრა საათზე სახლიდან სკოლაში წავიდა და გაუჩინარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, სამ საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა.