მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.
ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. მე-10 საუკუნეში ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარში სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ 6 დეკემბერს, ახალი სტილით 19 დეკემბერს- წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ხილისა და ნამცხვრების დარიგება დაიწყეს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსს, რომელიც ღამღამობით სტუმრობს სახლებს, დამჯერი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, ხოლო ონავრებისთვის – წკეპლები, რითაც კიდევ ერთხელ ახსენებს მათ კარგი საქციელის საჭიროების შესახებ, ამიტომ ბავშვები დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ცდილობენ, აღარ იცელქონ. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
მე-16 საუკუნეში რეფორმაციამ ეკლესიათა ლიტურგიიდან გამორიცხა წმინდანთა თაყვანისცემა, თუმცა დამკვიდრებული ტარდიციები ვერ აღმოფხვრა. კათოლიკურ ქვეყნებში დღემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რასაც აღნიშნავენ 6 დეკემბერს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში სასწაულთმოქმედმა ეპისკოპოსმა რამდენიმე სხვა პერსონაჟის სახე მიიღო, რომელიც კვლავინდებურად ანიჭებს სიხარულს ბავშვებს.
წმინდა მღვდელმთავრის ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმ.ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია. ოფიციალურად სანტა კლაუსის (და არა წმ.ნიკოლოზის) ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა.