ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ის ქართულ ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს.
დოკუმენტში წერია, რომ კანონის “ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით. “საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, – აღნიშნულია დასკვნაში.
“…ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას რეგისტრაციის, მოხსენებისა და საჯარო გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვის და უცხოური მხარდაჭერის მქონე მაუწყებლებისთვის, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ სახელმწიფოს ანგარიში დაფინანსების წყაროების შესახებ, კანონპროექტში არ არის მოცემული დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობირების) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური.
დასასრულს, ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს (საქართველოს პარლამენტს) კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე” – აღნიშნულია დასკვნაში.