განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სპეცრაზმელი თეიმურაზ კალანდაძეა. სამართალდამცველი რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციის წინა რიგებში დგას.
თეიმურაზ კალანდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია, რომელიც არაერთხელაა ნასამართლევი, ცნობილია განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს.
სხვადასხვა დროს მოქალაქეები კალანდაძეს ადანაშაულებდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში, გაუპატიურების მუქარაში. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელ ადგილობრივ გამოცემაზე ზეწოლაც და რედაქციასთან პოლიციის დავალებით გამართული საპროტესტო აქციებიც.
თეიმურაზ კალანდაძე 2013 წელს მუშაობდა კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში – უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის გამომძიებელი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უღირსი საქციელისთვის სასტიკი საყვედური მას სწორედ ამ პერიოდში გამოუცხადა. საქმე ეხება პატიმრის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობას: „ჩემი მეუღლე ნარკოტიკის გამო დაიჭირეს. 9 წლის შვილთან ერთად მარტო დავრჩი. მეუღლის საქმეს კალანდაძე იძიებდა. მაშინ ის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მუშაობდა. კალანდაძე მე და ჩემ მეუღლეს 7 თვე გვისმენდა და იცოდა, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. ქმრის დაკავების შემდეგ კალანდაძე ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა იმ მიზეზით, რომ მარტოხელა დედა ვიყავი და ვეცოდებოდი. მესიჯებს შვიდი თვის განმავლობაში მწერდა. სასიყვარულო ურთიერთობაც სწორედ ასე დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კალანდაძემ მობილური გამორთო, სამუშაო ადგილი შეიცვალა და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა“.
2014-2017 წლებში თეიმურაზ კალანდაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მოქალაქეებმა რეგიონის პოლიციის პირველი პირი და მისი თანამშრომლები არაერთხელ ამხილეს ძალადობაში.
2015 წლის 2 თებერვალს, ახალციხის რაიონული სასამართლოს დარბაზში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ კალანდაძემ მას ჯერ წიხლებით, შემდეგ კი „სნოს“ ბოთლით სცემა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კაპანაძეს დაზიანება მიყენებული ჰქონდა მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით. პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო, თუმცა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის მოტივით შეწყვიტა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კალანდაძის დირექტორობის პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლები წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულა მოქალაქე სერგეი ბაბოიანმა, რომელსაც ბრალი 80 წლის ქალის მკვლელობისთვის წაუყენეს, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაამართლეს.
2018 წელს, თეიმურაზ კალანდაძე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი იყო. კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟი, კობა კობალაძე აცხადებდა, რომ პოლიციელები მას თავს დაესხნენ მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კობალაძეების საცხოვრებელ ბინაში გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა.
2020 წელს, თეიმურაზ კალანდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. 2022 წელს ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
კიდევ ერთი მტკიცებულება: “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში კალანდაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას გაურბის. ფაქტია, რომ ვიდეოკადრებში ასახული პირის სილუეტი თემურ კალანდაძეს ჰგავს.
@drloladze ბატონო თემუკა თქვენ არბევთ აქციის მონაწილეებს? TV პირველის ჟურნალისტის კითხვა თემურ კალანდაძეს 👁️ 👁️ #mrloladze #ლაშალოლაძე ♬ original sound – 𝐋𝐚𝐬𝐡𝐚 𝐋𝐨𝐥𝐚𝐝𝐳𝐞