რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს:
“ჩვენ თქვენს წინაშე ვდებთ პირობას, რომ სრულიად ოპოზიცია ერთიანი იქნება საბოლოო გამარჯვებამდე. დიდი მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის. ძალა ერთობაშია! საქართველო ერთიანია, ერი ერთიანია. მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით არის და აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! წინ, წინ, წინ ევროპისკენ,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
“ქვეყანა თქვენია! თქვენ ის უნდა წაიყვანოთ წინ! და მიხარია, რომ ამდენნი ვართ. წარმატებები ყველას! საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ.
“საქართველოს გაუმარ-ჯოს! ძალა ერთობაშია! ბრძოლა ბოლომდე!” – ენმ-ის წევრი, სოფო ჯაფარიძე.
“არამარტო ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი წყდება, არამედ, რაღაც თვალსაზრისით, სამყაროს რაღაც ნაწილის ბედი წყდება. ეს არ არის მარტო ჩვენი ამბავი. აქ დგომა ყოველ დღე, ყოველ საღამოს, ბევრი საათით, ღამეების თენება, ეს არ არის არც საქმე და არც ტვირთი. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის პრივილეგია, თითოეული ჩვენგანის. იმიტომ რომ არ არსებობს უფრო დიადი და უფრო ღირსეული მიზანი, ვიდრე თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ ბრძოლას სჭირდება ევროპა. ევროპა ერთადერთი გზაა გამარჯვების!” – “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
“ეს ბრძოლა არ არის წარსული, ეს ბრძოლა არ არის უბრალოდ პოლიტიკური, ეს ბრძოლა არის უბრალოდ ეროვნული, და ამ ეროვნულ ბრძოლაში სადაც ტქვენ ხრთ წინა ხაზზე ჩვენ ვდებთ პირობას, და ვართ ვალდებულები, რომ გავიმარჯვოთ და გავიმარჯვოთ ერთიანი ბრძოლით. საქართველო არასდროს არ იქნება რუსეთი! საქართველო არის და იქნება ევროპა”, – “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია.
“ჩემო მეგობრებო, რამდენი ძვალიც არ უნდა გატეხონ, რამდენი ცხვირიც არ უნდა გაგვიტეხონ, ეს ყველაფერი შეხორცდება და აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს. საქართველოს გაუმარჯოს. მე მინდა, ყველა დაშავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა, ყველა დაკავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა, რამდენიმე ათეული ახლა წევს საავადმყოფოში, რამდენიმე ათეული ახლა არის ციხეში, რამდენიმე ახალგაზრდას ახლა აკავებენ გმირთა მოედანზე, მე მინდა, მათ გამოვუცხადო სოლიდარობა. ევროპულ საქართველოს გაუმარჯოს!”, – ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.
“ეს ბრძოლა იქნება მიყვანილი ბოლომდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება სრულად თავისუფალი. ეს კანონი, რუსული, რომელიც ამ რუსულმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო… მთავარი მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს არა რუსულ ხელისუფლებას საქართველოში!”, – “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.