“თუ [რუსულ კანონზე] იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიენსაც გავუმეორე”, – ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე აცახდებს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრას აჯამებს.
“ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ ო’ბრაიენთან, გაგრძელდა ორსაათნახევარი, როცა 1 საათი იყო დაგეგმილი, იყო ძალიან გულწრფელი შეხვედრა. გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს. მათ შორის, გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ჩვენს ქვეყანაში გასული სამი წლის მანძილზე. ჩვენ ავუხსენით, განვუმარტეთ ყველაფერი ბატონ ო’ბრაიენს.
ჩვენ ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს არის სურვილი. მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე. ეს არის მნიშვნელოვანი.
ჩვენ გვქონდა, მათ შორის, უშუალოდ კანონზე, უცხოური გავლენის კანონზე გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ განვუმარტეთ ყველა დეტალი ბატონ ო’ბრაიენს, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან. თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიენსაც გავუმეორე. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი, ჩვენი პარტნიორისთვის იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, – ამბობს კობახიძე.