ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ დიტო სამხარაძის პოსტი, სადაც ის „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ემუქრება, აღარ იძებნება.
მან ჯაფარიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადება დღეს, 10 მაისს, Facebook-ზე გაავრცელა, თუმცა აღნიშნული განცხადება სამხარაძის გვერდზე აღარ იძებნება.
დიტო სამხარაძის მტკიცებით, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ წევრებს მისი და მისი ოჯახის წევრების „ბულინგი“ დაავალა. სამხარაძის მტკიცებითვე, სწორედ ზურაბ ჯაფარიძის დავალებით მისწერეს მას და შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამ საქმეზე ჯერ არც პოლიციას დაუკავებია ვინმე.
თავის მხრივ ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენ უცნობი ადამიანები – ერთხელ 10 მაისს გვიან ღამით, მეორედ კი დღისით. ჯაფარიძის პარტიაში აცხადებენ, რომ მან მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმები დაიწყო, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა გაუჭირდებათ, რადგან მას იარაღი აქვს.
„ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს ის იყოს უკანასკნელი კაცი! გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო. მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა! ღორივით დაგაგდო… შენ გინდა ბიჭო შვილი რომ მომიკლა? შენს სისხლს დავლევ! შენ თუ შენი ქუდის მეპატრონეებმა გიშველონ ან გაგვასწრო, მე ვიყო ნაცი!“, – მიმართა დიტო სამხარაძემ ზურაბ ჯაფარიძეს Facebook-ზე პოსტით, რომელიც აღარ იძებნება.