რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში 13 წლის გოგო მე-3 სართულიდან გადმოვარდა.
როგორც “ინფო რუსთავს” მოზარდის მეზობლებმა განუცხადეს, გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა.
არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვარდნის შემდეგ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.
არსებობს ვერსია, რომ გოგონას გადმოვარდნა, შესაძლოა, ინტერნეტ თამაშს “ლურჯ ვეშაპს”, ან სხვა რომელიმე ინტერნეტ თამაშს უკავშირდებოდეს. ეჭვის საფუძველს იძლევა სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა.
ორივე არასრულწლოვანი მე-10 სკოლის მოსწავლეები არიან. სკოლის დირექტორის მანანა ფიროსმანაშვილის განცხადებით მსგავსი დამთხვევები ეჭვს იწვევს.
“რა თქმა უნდა, რაღაცა ეჭვის საფუძველი არსებობს. ასეთი დამთხვევა იშვიათია, როდესაც ერთი კლასიდან, ორივე გოგონა, თან მეგობრები არიან და ასეთი შემთხვევა ხდება.
ჯერ-ჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეებთან მე კომუნიკაცია არ მქონია, ხვალ აუცილებლად დამრიგებელთან ერთად შევხვდები კლასს, შემდეგ კი მასწავლებლებსა და მშობლებს, რათა დეტალური ინფორმაცია გავიგოთ, რაღაცა ისეთი ხომ არ ხდება, კლასში რაზეც ზოგადად ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
თუ გამოიკვეთება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქ დასამალი არაფერი არ არის და ჩვენ ამას ზოგადად საჯაროსაც გავხდით. თუ ასეთ თამაშებთანაა დაკავშირებული”,- განაცხადა მანანა ფიროსმანაშვილმა.