მრწამსის მიხედვით, ვაღიარებთ „ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. ანუ, ადამიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება. თუმცა, არის მეორედ მონათვლის შემთხვევებიც. რა დროსაა დაშვებული ადამიანის მეორედ მონათვლა? ამ საინტერესო საკითხზე წმ. ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, დავით ჩიკვაიძე საუბრობს:
“მეორედ ნათლობას, როგორც ასეთს, საეკლესიო კანონები არ უშვებს. არსებობს ორი შემთხვევა, რომელიც პირობითად შეიძლება ჩავთვალოთ “მეორედ” ნათლობად:
ა) როდესაც ნათლობის წესი შესრულებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. უფლებამოსილი პირი არის უწყვეტი სამოციქულო მადლის მქონე, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული მღვდელი ან თავად ეპისკოპოსი. შესაბამისად, სხვა პირის მიერ შესრულებული ნათლობა ვერ ჩაითვლება კანონიკურად. აქვე უნდა ითქვას გამონაკლისის შესახებ, რომ მომაკვდავი ადამიანის მონათვლის უფლება აქვს ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს, სქესის მიუხედავად.
ბ) თუ ადამიანმა არ იცის, მონათლულია თუ არა და არ არსებობს არავინ, რომელიც დაამოწმებს მის ნათლობას. ასეთ დროს, საიმისოდ, რომ ადამიანი დაზღვეული იყოს მოუნათლავად გარდაცვალებისგან, დაიშვება მისი მონათვლა, მაგრამ ნათლობის ფორმულის წინ წარმოითქმის სიტყვები „უკუეთუ არა ნათელღებულ არს…”
თუ მეორედ ნათლობა შესრულდა საეკლესიო წესის დარღვევით, რომელი ნათლობა მიიჩნევა შესრულებულად?
თუ პირველი ნათლობაც განწესის დარღვევით არის შესრულებული და მეორეც, ნათლობა არ ჩაითვლება შესრულებულად.
ხშირია შემთხვევა, როდესაც ნათლულს, ნათლიასთან გარკვეული მიზეზის გამო ურთიერთობის შეწყვეტის გამო სურს, თავიდან მოინათლოს და ჰყავდეს ახალი ნათლია. რამდენად მიზანშეწონილია ამ შემთხვევაში მეორემ მონათვლა?
ნათლიის შეცვლა და მით უფრო, ამ მიზეზით მეორედ ნათლობა საეკლესიო კანონებით აკრძალულია.