“ამ დღეების განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა”– აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რითაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ეს არის არა მარტო „აგენტების შესახებ“ კანონი, არის სხვა კანონებიც, ეს არის მთელი სულისკვეთება, რომელიც ანტურაჟად ქმნის იმის განცდას, რომ ჩვენ უკვე ვართ საბჭოთა საქართველო. გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი, რადგან როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას უნდა, რომ გაგვტეხოს ამ 6 თვის განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას. ეს იყო ის, რასაც აკეთებდა და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლას”– აცხადებს მარგველაშვილი.
რუსთაველის გამზირზე, 30 აპრილს პარლამენტთან, „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი.