საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში შრომითი ანაზღაურების სახით სულ მცირე 5.300 შეკელს მიიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული თანხა 2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1.610 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს. ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში. 8023 შეკელია, რაც დაახლობით 2.440 აშშ დოლარია თვეში.
12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ .
სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში). კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.
2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 1.000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში.
დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.
დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები: პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება; პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა); პაციენტის კვება/კვებაში დახმარება; პაციენტთან კომუნიკაცია; პალატის სისუფთავის დაცვა; ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.
წყარო: akhalitaoba.ge