„გოგონა ბოლომდე იდგა, ძვირფას დროს ელოდებოდა – ხალხი როდის წავიდოდა, ხელში კი უცნაური, სიყვარულის მცენარე ეჭირა, რომლის ჩხვლეტაც საოცრად ტკბილია… ათას ყვავილში ყველაზე თვალსაჩინო ის იყო!“,- გურამ დოჩანაშვილის საფლავთან კაქტუსით ხელში მდგომი გოგონას ფოტოს გულგრილად არავინ დაუტოვებია.
გოგონა,„ სიყვარულის კაქტუსით ხელში“, 20 წლის გვანცა მიხელიძეა. ის გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად ქალაქ ქუთაისიდან ჩამოვიდა და საყვარელი მწერლისთვის არც სიყვარულის კაქტუსის მიტანა დავიწყებია.
„ზუსტად რამხელა ვიყავი, როცა დოჩანაშვილის შემოქმედებას გავეცანი, არ მახსოვს. მახსოვს სახლში სულ „სამოსელი პირველის“ ფრაზებით საუბრობდნენ ხოლმე:„წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ და ა.შ.“. ცოტა რომ წამოვიზარდე, თავადაც წავიკითხე. მისი ძალიან ბევრი ნაწარმოები მაქვს წაკითხული, თუმცა „სამოსელი პირველი“ ზეპირად ვიცი. როცა მის შემოქმედებას ეცნობი, მარტო წიგნი კი არა, ავტორი გიყვარდება ძალიან. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მასთან პირისპირ შეხვედრა. რომ გავიგე საავადმყოფოში იყო, ვფიქრობდი გამოკეთდება და ეგებ მაინც ვნახო ოდესმე-მეთქი…
დაკრძალვაზე იყო ხალხი, მაგრამ ისეთი რაოდენობით არა, როგორიც უნდა ყოფილიყო. ვიცი, ბევრს ექნებოდა დოჩანაშვილის დაკრძალვაზე წამოსვლის სურვილი და ექნებოდათ მიზეზებიც, რატომაც ვერ/არ მოვიდნენ. დოჩანაშვილი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და ბევრად დიდ რამეს იმსახურებდა“,- უთხრა გვანცამ „პრაიმტაიმს“.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.