ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციის ტერიტორიაზე ნასვამი კაცი შეიჭრა. ეპარქიაში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი მეუფე დიმიტრიზე თავდასხმას გეგმავდა.
ეპარქიის პრესპიკერის ინფორმაციით, ინციდენტი 4 საათზე მოხდა. 50 წლის კაცმა კარი შეამტვრია, ის იქვე მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველმა შეაჩერეს. დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, კაცი იმდენად ნასვამი იყო, რომ ვერ ხსნიდა, რა უნდოდა.
„დღის 4 საათი იყო, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარები და იქ მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველმა, რომელიც თვითმხილველი აღმოჩნდა და შეჰყვა, სიტუაცია გაანეიტრალეს.
აღმოაჩინეს, რომ კაცი დანით იყო შეიარაღებული. იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ამბობდა რა უნდოდა, იგინებოდა. იდენტიფიცირებულია და განყოფილებაშია გადაიყვანილი.
მეუფე არ უხსენებია , იქ მყოფებს აგინებდა. ის ვერ ამბობდა, რა უნდოდა რეზიდენციაში“ ,- განაცხადა მამა იოანე გორელიშვილმა.