აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის, Fulbright-ის მონაწილეები რუსული კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ მისი მიღება საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. მათივე თქმით, კანონი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
“ამ კანონის მიღება, საქართველოს დააშორებს ევროკავშირს, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრობა ქართველი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო სურვილია.
ეს კანონი შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც სხვადასხვა სერვისებზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ჯგუფებია, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ქალები, ბავშვები და ყველა ის ჯგუფი, ვინც ორგანიზაციების დახმარებით იღებენ კრიტიკულ სერვისებს. „უცხოური გავლენის მქონე” პირად დარეგისტრირების მოთხოვნა გამოიწვევს ამ ორგანიზაციების დაფინანსების შემცირებას ან შეწყვეტას, რის შედეგადაც ბევრი ორგანიზაცია უბრალოდ შეწყვეტს არსებობას.
ამასთან, იგი მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობას ქვეყანაში, რაც დააზიანებს ადამიანის უფლებების დაცვას და დემოკრატიულ ფასეულობებს,” – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონი იმ 9 ნაბიჯს ეწინააღმდეგება, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად მიეცა. სტიპენდიანტები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი და დარჩეს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ერთგული.