მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს, უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიის, დემენციის, ფსიქოზისა და ინსულტის განვითარებისკენ. ამის შესახებ BBC წერს.
ინფექცია გადატანილთა მესამედს ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომარეობის განვითარება ან რეციდივი ჰქონდა. უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზირება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება დასჭირდათ.
შესაძლებელია, რომ ეს უკავშირდებოდეს როგორც სტრესის ზემოქმედებას, ასევე ვირუსს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ტვინზე.
ბრიტანელმა მკვლევარებმა ნახევარ მილიონზე მეტი პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს და გამოარკვიეს, რამხელაა 14 ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური დაავადების განვითარების შანსი, ესენია: ტვინის ჰემორაგია, ინსულტი, პარკინსონი, გიილენ-ბარეს სინდრომი, დემენცია, ფსიქოზი, განწყობის დარღვევები, შფოთვითი აშლილობები.
მკვლევარების განმარტებით, შფოთვა და გუნება-განწყობის დარღვევები ყველაზე გავრცელებული დიაგნოზი იყო კოვიდით დაავადებულთა შორის და ეს უფრო მეტად დაკავშირებულია მძიმე დაავადების გადატანის და საავადმყოფოში მოთავსების სტრესთან. რაც შეეხება ინსულტსა და დემენციას, ეს უფრო მეტად დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ მოქმედებებთან ან ინფექციის მიმართ ორგანიზმის რეაქციასთან. ამასთან გამოირკვა, რომ COVID-19 არ ასოცირდება პარკინსონის ან გიილენ-ბარეს სინდრომის მომატებულ რისკთან.
კვლევა დაკვირვებითი იყო, ამიტომ მკვლევარებმა ვერ თქვეს გამოიწვია თუ არა კოვიდმა რაიმე დიაგნოზი და ექნებოდა თუ არა რომელიმე პირს კოვიდის გარეშე მომდევნო 6 თვის განმავლობაში ინსულტი ან დეპრესია. თუმცა კორონაგადატანილ ადამიანთა ჯგუფის შედარებამ გრიპისა და სხვა რესპირატორულ დაავადება გადატანილ ადამიანთა ჯგუფებთან მკვლევარებს აჩვენა, რომ კორონავირუსი უფრო მეტადაა დაკაშირებული ტვინის შემდგომ დაავადებებთან, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადებები.
კვლევაში მონაწილეთა ჯგუფები ერთმანეთს შეესაბამებოდნენ ასაკით, სქესით, ეთნიკურობითა და ჯანმრთელობის პირობებით. აღმოჩნდა, რომ კორონაგადატანილებს 16%-ით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური აშლილობა კოვიდის შემდეგ, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების შემდეგ და 44% –ით უფრო ხშირად, ვიდრე გრიპგადატანილებს.