ალეკო ელისაშვილი უცხოური გავლენის აგენტების კანონის განხილვისას მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა.
სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ მამუკა მდინარაძე ელისაშვილის თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ქათამი იყო მთელი თავისი ცხოვრება”:
“ჯერ ახლა ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის და ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. [ოხანაშვილის რეპლიკა: “კაცად წოდებული, თორემ, ვერ დავარქმევთ კაცს] ხო, კაცი, ბრჭყალებში, ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც უმრავლესობის ლიდერს…
სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ. პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს აი ამ ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის, მიპარვით, ვითომ ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას სჯობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კვლავ ხმაური იყო. თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი – პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე გააძევა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.
მანამდე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომა შეწყვეტილი იყო.