რიმა ლუკაშენკო ორენბურგში ცხოვრობს. ის ახლა 55 წლისაა და ბავშვობიდან მეხსიერებას ფრაგმენტულად შემორჩა საშინელი ისტორიები: არ იცის, ვისი შვილია, საიდან მოდის მისი ფესვები. თუმცა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კანონიერი ქურდის შვილი იყოს ან და ისეთი ოჯახიდან, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მშობლებმა მის გადასარჩენად გაშვილებას მიმართეს, 3 წლისა გზისპირა სასადილოში, მარტო დატოვეს, სადაც მაგიდაზე დაძინებულმა გაატარა ღამე…
რიმა ლუკაშენკო „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება თავისი არც თუ დალხენილი ცხოვრების დეტალებს:
– ჩემი თავი მახსოვს დაახლოებით 4 წლიდან. როგორც ჩანს, საქართველოში ვცხოვრობდი, რადგან მახსოვს გალი და საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი. ეს ბაღი გორაკზე იდგა და მახსოვს, 2 ქალი მაკითხავდა, მე კი გორაკზე ჩამოვრბოდი ხოლმე. ეს ქალები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ, როცა სოციალურმა ქსელებმა იმის საშუალება მოგვცა, რომ დისტანციურად დავეკონტაქტოთ ადამიანებს, დავუკავშირდი ერთ გალელ მამაკაცს, რომელმაც დამიდასტურა, რომ იქ ნამდვილად არსებობს ბაღი, შემაღლებულ ადგილზე, სწორედ ისეთი ღობითა და ჭიშკრით, როგორიც მე მახსოვს.
ამხელა სტრესის მერე ჩემმა მეხსიერებამ დაბლოკა ინფორმაცია ჩემი ბიოლოგიური ოჯახის შესახებ. არ მახსოვს, ვინ იყვნენ ოჯახის წევრები. მხოლოდ მახსოვს დღე, 1969 წელს, როცა ორმა ქალმა ბაღიდან წამომიყვანა და სადღაც, გზის პირას მდებარე კაფეში მიმიყვანეს, მაგიდაზე დაფენილ ძველ პალტოზე დამსვეს და დამტოვეს. ისიც კი მახსოვს, რომ იქ ოთხკუთხედი მაგიდები იდგა და ღამით ერთ-ერთ მაგიდაზე მეძინა. ძალიან ვიყავი შეშინებული და ალბათ ამ ემოციების გამო შემორჩა ეს მკაფიო მომენტები, მეხსიერებას.
ამ ფაქტის მერე ჩემს მეხსიერებაში ისევ ყველაფერი წაშლილია, არ მახსოვს, იქიდან როგორ მოვხვდი უზბეკეთში. მიმიყვანეს უცხო ოჯახში, სადაც დამხვდა კიდევ ერთი გოგონა – ანა, რომელიც ჩემზე 3 წლით უფროსი გახლდათ და ის აღმზრდელი დედის მოყოლილი შვილი იყო. ის მეძახდა აფხაზს – საიდან მოხვედი, უცხო ხარ, აფხაზეთიდან მოგათრიესო, მეუბნებოდა ხოლმე. მე მათი ენა არ მესმოდა, რადგან რუსულად ლაპარაკობდნენ, მე კი სავარაუდოდ – ქართულად (ქმარი ახლაც კი მეუბნება ხოლმე, ძილში ქართულად ლაპარაკობო, თუმცა ქართული საერთოდ არ ვიცი და მხოლოდ რუსულად ვმეტყველებ).
ჩემი აღმზრდელი მამა გახლდათ ანატოლი ლუკაშენკო, თუმცა, ეს მისი ნამდვილი გვარი არ იყო და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ძალიან ცუდ ოჯახში მოვხვდი. მამა იყო ნამდვილი სადისტი. მე არ მეხებოდა, მაგრამ ხშირად სცემდა ანას. ამის გამო ამ კაცს ვერ ვიტანდი. ყოველთვის ვფიქრობდი და მიკვირდა, თუ ბიოლოგიურ მშობლებს არ ვუნდოდი, რატომ არ გამაშვილეს საქართველოში? იქაც იქნებოდნენ უშვილო წყვილები. გადამკარგეს უზბეკეთში და თანაც – ასეთ ოჯახში. გამზრდელი მამა გახლდათ კრიმინალი, რომელიც ციხეში რამდენჯერმე იჯდა, დედა კი – ლოთი.
ჩემი მიყვანიდან მალევე, ცოლ-ქმარს შეეძინა ტყუპი ვაჟი, მაგრამ შინ მხოლოდ ერთი მოიყვანეს. მეორეზე თქვეს, რომ მოკვდა და დაასაფლავეს, თუმცა როცა დედას საფლავზე მივდიოდით, მამა არასოდეს მისულა ჩვილის საფლავზე და თანაც, წლების შემდეგ ტაშკენტში გადავაწყდი მამაკაცს, რომელიც მანქანით დამეჯახა და გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა იმ ტყუპისცალს, რომელიც ჩემ გვერდით გაიზარდა. გამოდის, რომ ტყუპიდან ერთი გააშვილეს. შემდეგ კიდევ ერთი შვილი – გოგონა შეეძინათ, რომელიც მაშინვე ისე გააშვილეს, რომ შინ არც მოუყვანიათ. წარმოიდგინეთ, რომ თავისი საკუთარი შვილები გაასხვისეს, მე კი მზრდიდნენ. ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
მაშინ, ბავშვიც კი ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ოჯახი და ჩემი ცხოვრება არ იყო, ვერ შევიყვარე ეს ადამიანები. შემდეგ ისე მოხდა, რომ 1971 წელს ანატოლიმ თავისი ცოლი (გამზრდელი დედა) მოკლა – ბალიშით გაგუდა. ამ დროს მე მეზობელთან ტელევიზორის საყურებლად ვიყავი, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი. შინ რომ დავბრუნდით, ანას უთხრა, – ნახე დედაშენი რას აკეთებსო, ანამ კი მოიტანა ამბავი, რომ დედა მოკვდა და არ სუნთქავდა.
მე მაშინვე მივხვდი, რომ ქმარმა მოკლა, შემდეგ კი მოკლულის დედამაც დაადასტურა ეს ჩემი ფიქრი. მახსოვს, როგორ იდგა კუბო ოთახის შუაში, მიცვალებულის თავზე შნურზე დაკიდებული ნათურა ქანაობდა, კუთხეში მოხუცი ქალი იჯდა, რომელიც რაღაცას ბუტბუტებდა. მე მაშინ 5 წლის ვიყავი.
ამის შემდეგ მივედი სკოლაში, 3 წლის შემდეგ კი გამზრდელი მამა დაიჭირეს და 3 წელი ციხეში იყო. ამ პერიოდში მე, ანა და ჩვენი „ძმა“ ბავშვთა სახლში გადაგვიყვანეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ანატოლი სამი წლით გადაასახლეს ქალაქ ალმალიკში. მოგვაკითხა ბავშვთა სახლში და სამივე ბავშვი გადასახლებაში თან წაგვიყვანა. 3 წლის შემდეგ კი გადასახლებიდან ისევ ჩვენს ქალაქსა და სახლში დავბრუნდით. არც ისე კარგი ცხოვრება მქონდა…
მეათე კლასში ვიყავი, როცა გამზრდელ მამასთან კონფლიქტი მომივიდა. ისე მოხდა, რომ ფიზიკურად დავუპირისპირდი, 2 ნეკნი გავუტეხე და შინიდან გავიქეცი. ჩავაბარე კოლეჯში, სადაც პროფესიასაც დავეუფლებოდი, 72 მანეთი სტიპენდიაც მქონდა და საერთო საცხოვრებელშიც გამომიყვეს ოთახი.
კიდევ ერთი საყურადღებო რამ უნდა მოგიყვეთ: წლების განმავლობაში ჩემი თვალთახედვის არეში იყო ერთი მამაკაცი – რუდოლფ იაკოვლევიჩ ნიკიტინი… მას კარგი კარიერა ჰქონდა, მუშაობდა ქალაქკომში და ჰქონდა საკმაო გავლენა. აჩრდილივით დამყვებოდა ყველგან. როცა ბავშვთა სახლში ვიყავი, იქ მოდიოდა. კონტაქტში არ შემოდიოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სულ მე მიყურებდა. უხერხულადაც კი ვგრძნობდი ხოლმე თავს, ამის გამო. შემდეგ სკოლაშიც მოდიოდა და იქაც მითვალთვალებდა. როცა მამასთან ერთად გადასახლებაში ვიყავით ალმალიკში, იქაც გამუდმებით ვხედავდი, რომ ჩემ გარშემო ტრიალებდა. მოგვიანებით კი იმავე სკოლაში დაიწყო მუშაობა, სადაც მე დავდიოდი (ალმალიკის 21-ე სკოლა) და ქიმიასაც კი მასწავლიდა. შემდეგ, როცა ჩვენს ქალაქში დავბრუნდით, ისიც გადმოვიდა. ლუკაშენკო, რომელიც მამად მეკუთვნოდა, არ იყო ის ადამიანი, რომ ეზრუნა ჩემზე და დასასვენებლად გავეშვი. ერთ მშვენიერ დღეს კი ტიტოვკაში, ბანაკში გამიშვა, რაც ძალიან გამიკვირდა. ბანაკში მისულს კი ისევ რუდოლფ იაკოვლევიჩი დამხვდა და მივხვდი, რომ მისი დამსახურება იყო.
ყოველთვის ვფიქრობდი და მიკვირდა, რატომ იყო ეს კაცი გამუდმებით ჩემ გვერდით და თან არაფერში ერეოდა. საერთო საცხოვრებელშიც ოთახი მისი წყალობით გამომიყვეს, რადგან იმ ქალაქის მაცხოვრებელი ვიყავი და წესით, არ მეკუთვნოდა. შემდეგ გავთხოვდი ძალიან კარგ ადამიანზე და მალე ჩემი ქმარი მძიმედ ავად გახდა. სჭირდებოდა ძვირად ღირებული მკურნალობა და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა, მაგრამ რადგან ფაქტობრივად უპატრონო იყო და არაფერს წარმოადგენდა, საავადმყოფოში ყურადღებასაც არავინ აქცევდა. 2 დღის შემდეგ კი სიტუაცია უცებ შეიცვალა, ექიმები თან ჰყვებოდნენ, აღარ იცოდნენ, როგორ გაგებოდნენ ფეხქვეშ. გამოძებნეს ძვირად ღირებული პრეპარატებიც. ტაშკენტიდან ძალიან ცნობილი პროფესორიც კი ჩამოდიოდა, ღამღამობით. ექიმები ჩემს ქმარს ეკითხებოდნენ, – ვინ ხართ, ასეთი ცნობილი პროფესორი ღამე რომ ჩამოდისო? – არავინ ვარ, არ ვიცი, რატომ ჩამოდისო. იმ პროფესორმა ამერიკული, ძალიან ძნელად საშოვნელი წამლებიც კი მოუტანა. რუდოლფი მთელი ცხოვრება უხილავი მფარველივით მყავდა. თუმცა, ამ სულელური ოჯახიდან რატომ არ წამომიყვანეს, სანამ მე თვითონ არ გამოვიქეცი, მაგას ვერ ვხვდები. თუ ადამიანი ასე გითვალთვალებს, ალბათ ვიღაცას ჰქონდა დავალებული.
– ეს ადამიანი როდის გაქრა თქვენი ცხოვრებიდან?
– 90-იან წლებში, როცა უკვე შვილები მყავდა და ბედნიერი ოჯახი მქონდა. ჩვენ ამ დროს უზბეკეთიდან რუსეთში გადავედით და სწორედ მას მერე აღარ გამოჩენილა. რამდენიმე წლის წინ მოვიძიე და მისმა შვილებმა მითხრეს, რომ გარდაცვლილა.
თავად ლუკაშენკო 1992 წელს გარდაიცვალა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის გერთან – ანასთან, რომელმაც 2 შვილი გაუჩინა. მე რაც შინიდან გამოვიქეცი, მას მერე არ შევხვედრივარ. გავაფრთხილე – ახლოს არ მომეკარო, არ მომძებნო, თორემ მოგკლავ-მეთქი.
ვფიქრობ, რომ ის აიძულეს, შვილად ავეყვანე. თან ამაში ვიღაც ფულსაც უხდიდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ასეთი სადისტი ადამიანი ანას სცემდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მე კი ხმას არ მცემდა. ხშირად მიკითხავს, საიდან მომიყვანა ან და სად იყო ჩემი ფესვები, მაგრამ არასოდეს მპასუხობდა ამ კითხვებზე. როცა ვთხოვდებოდი, ჩემმა საქმრომ დაიჟინა, უნდა მივიდე ანატოლისთანო. უარზე ვიყავი, მაგრამ მაინც მივიდა და ელაპარაკა. იმან უთხრა – იცი, ვინ მოგყავს ცოლადო? თუმცა, ამის მეტი არაფერი უთქვამს. ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, კანონიერი ქურდის შვილი ვიყავი, რომელთაც მაშინ ცოლ-შვილის ყოლის უფლება არ ჰქონდათ და გამაშვილეს. ან და შესაძლოა, ისეთი ოჯახის შვილი ვიყავი, ვისაც შურისძიებით ემუქრებოდნენ და გაშვილებით გადამარჩინეს, მაგრამ ფულს იხდიდნენ ამაში.
– გამზრდელი მამის გვარი მოგანიჭეს?
– დიახ, ლუკაშენკო ვიყავი, როგორც გამზრდელი მამა, მაგრამ ეს მისი გვარი არ გახლდათ. მისი გვარი ბაკუნოვი იყო და სახელიც ისააკი ერქვა და არა – ანატოლი. 2 ძმა ჰყავდა და ორივე – ბაკუნოვი. ჩემმა ქმარმა მოძებნა ლუკაშენკო ანატოლი ილიჩი (რომლის სახელითა და გვარითაც ჩემი გამზრდელი მამა ცხოვრობდა) და მიაგნო მის ძმას, რომელიც თურმე დაკარგულ ძმას ეძებდა. სავარაუდოდ, ჩემმა გამზრდელმა მამამ მოკლა ეს ლუკაშენკო და მისი საბუთებით გააგრძელა ცხოვრება. ამაში დაუჯერებელი არაფერია, რადგან მას შეეძლო ნებიმისერი ადამიანის მოკვლა, თუ დასჭირდებოდა.
– იმ ოჯახში მცხოვრებ დანარჩენ ბავშვებთან თუ ინარჩუნებდით ურთიერთობას?
– ორივე გარდაცვლილია. ანამ გააჩინა 2 შვილი და გარდაიცვალა. ბიჭები დარჩნენ ძალიან პატარები და მინდოდა მათი შვილად აყვანა, მაგრამ უზბეკეთიდან რუსეთში გაშვილების პრეცედენტი არასოდეს ყოფილა. დავიწყეთ საბუთების შეგროვება, მაგრამ მე ავად გავხდი – სიმსივნეს ვებრძოდი და ამის გამო ვეღარ მოვახრეხე. ტყუპისცალი „ძმაც“ ჯერ გალოთდა, ციხეშიც იჯდა რამდენჯერმე და შემდეგ გარდაიცვალა.
– მოგვიყევით, როგორ და რატომ მოხვდა ციხეში გამზრდელი მამა, რომელიც შემდგომ გადაასახლეს კიდეც?
1974 წელს, ბელორუსიაში დაიწყო „ტონკა პულემიოტჩიცას“ საქმის გამოძიება (ტონკა პულემიოტჩიცა – ანტონინა მაკაროვნა მაკაროვა, სამამულო ომის საბჭოთა კრიმინალი, ლოკოტსკის რაიონის ჯალათი, რომელმაც დახვრიტა 1 500 ადამიანი. ირიცხებოდა გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლების რიგებში და პარტიზანები და მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტა. იგი ცნობილი იყო, როგორც ტონკა პულემიოტჩიცა. მოგვიანებით მუშაობდა სამკერვალო საამქროში ინსპექტორად, მაგრამ 1970-იანი წლების ბოლოს გამოააშკარავეს და სიკვდილით დასაჯეს. ის გახდა სტალინის შემდგომ პერიოდში სსრკ-ში დახვრეტილი სამი ქალიდან ერთ-ერთი, – ავტ). სწორედ ტონკას გარემოცვაში მოიხსენიებოდა ანატოლი ლუკაშენკოც, იმ ნაცისტებს შორის, ვინც ადამიანების დახვრეტასა და წამებაში მონაწილეობდნენ. შესაძლოა, ე.წ. „ტყის ძმების“ წევრიც იყო და ყაზახეთში სხვისი სახელითა და გვარით იმალებოდა. სწორედ ამ დროს შეატყობინეს, რომ საქმე აღიძრა ნაცისტების წინააღმდეგ და ურჩიეს, სადმე გადახვეწილიყო, რომ დახვრეტას გადარჩენილიყო. საამისოდ საუკეთესო ადგილი ციხე გახლდათ, სადაც სხვისი სახელით მოხვდებოდა. ამიტომ ვიღაც მამაკაცი მსუბუქად დაჭრა და თავადვე ჩაბარდა მილიციას. 3 წელი ციხეში გაატარა და გამოვიდა. ამ დროისთვის კი ეს საქმე უკვე დასრულებული იყო. ძალიან ლამაზი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო ანატოლი, მუდმივად ქალების ყურადღების ცენტრში იყო ამის გამო, მაგრამ არავინ იცოდა, როგორი სადისტი იყო ის.
ახლა კი ჩემი ბიოლოგიური ნათესავებიდან, რომლებმაც შესაძლოა ჩემი ისტორია იცოდნენ, ცოცხალი ალბათ არავინაა, მაგრამ ვინაიდან ცდა ბედის მონახევრეა, იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ნათელს მოჰფენს ამ ბურუსით მოცულ ამბავს და ვიპოვი ჩემს ნათესავებს.