გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე, “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებიან. სამი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ორივეს სხეულზე სერიოზული დამწვრობა აქვს მიღებული. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ასევე, დაშავებული სამი პირიდან ორი შსს-ს თანამშრომელია, ხოლო ერთი – მაღაზია “ბეთლგრაუნდის” თანამშრომელი.
როგორც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ჯერჯერობით ვერანაირ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. მათი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მოხდა მოცულობითი აფეთქება დახურულ ტირში, დაუმწვარი დენთის ნარჩენებისა და ჟანგბადის კონკრეტული პროცენტული შემადგენლობით შერევის შედეგად, რომლის ინიციატორი გახდა ტყვიების სროლისას წარმოქმნილი ნაპერწკლები. თუმცა გენერალ გოგი თათუხაშვილს სხვა ვერსია აქვს. კერძოდ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფეთქებისას ერთ-ერთი დაღუპული პროფესიონალი სამხედრო, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, 2008 წლის ომის გმირი იური ლომიძეა. “კვირის პალიტრა” გოგი თათუხაშვილს საზღვარგარეთ დაუკავშირდა:
გოგი თათუხაშვილი:
„პირადად ვიცნობდი იურის, ის ნამდვილი პროფესიონალი იყო… მასთან კომუნიკაცია სულ მქონდა. ჯერ შავნაბადაზე მსახურობდა, მერე განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში… 8-9 წელია, მუშაობს სასროლეთში, ინსტრუქტორად. როგორც ვიცი, დილით გააღო კარი, შეყვნენ სხვებიც, შუქი აანთო და აფეთქება მოხდა. გაზის აფეთქება თავიდანვე გამოირიცხა – თან, როცა გაზი ფეთქდება, თეთრი ბოლი აქვს, იქ კი შავი ბოლი იყო. ჩემი ვარაუდით, იქ ბომბი იყო ჩადებული. ტყვია-წამალიც ასე უცებ არ ფეთქდება – ასეთ დროს ჯერ ერთი აფეთქება ხდება, მერე – მეორე, ამას დრო უნდა. იქ კი უცებ აფეთქდა ყველაფერი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო ტერაქტი.
სასროლეთში წვრთნებისთვის დადიან მოქმედი პოლიციელებიც, ტურისტებიც და ყველა, ვისაც სროლა აინტერესებს… ეს სასროლეთი ადრე ეკუთვნოდა გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც უმაღლესი დონის პროფესიონალია. წელიწად-ნახევარია, რაც მისი აღარ არის აქაურობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჰგავს ტერაქტს. ეს კერძო სასროლეთი იყო, იქ შესვლა ყველას შეეძლო. როგორც გითხარით, იმ დღეს იურიმ გააღო კარი, აანთო შუქი და აფეთქდა. სავარაუდოდ, იქ იყო დამონტაჟებული ნაღმი“.
კვირის პალიტრა