ია სუხიტაშვილი 1980 წლის 29 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
კატეგორიულად არ სურდა მსახიობობა, ჟურნალისტობას აპირებდა. მიუხედავად ამისა, სხვის რჩევას მიენდო და… მისი ცხოვრება შეიცვალა.
“თეატრალურში სწავლისას სულ მქონდა პროტესტი, როდესაც ჩვენთან ერთად აჰყავდათ სარეჟისორო ჯგუფი. მაინტერესებდა რატომ იღებდნენ ისინი ფილმებში თავიანთ ჯგუფელებს და არ ჰქონდათ უშუალო თანამშრომლობა ჩვენთან, მსახიობებთან. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და მათთვისაც, რადგან შევეჩვეოდით კამერის წინ მუშაობას, ისინი კი – მსახიობთან. სამწუხაროდ ჩვენთან კინოზე თუ სერიალზე მუშაობის დროს, ხშირად, ცუდი მიდგომა აქვთ. სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ბევრ კარგ მსახიობს არ გაუმართლა, ვერ მოახერხეს კამერის წინ მუშაობა და ვერც ახლა ახერხებენ რადგან არც სწავლის პროცესში და არც მას შემდეგ პრაქტიკის გავლა ვერ მოახერხეს. კოლეგებმა არ მიწყინონ, მაგრამ ბევრისგან ისიც მსმენია, რომ უყურებენ ფილმებს და იქიდან სწავლობენ თამაშს და ეს არ არის სწორი. მსახიობობას ასე თეორიულად ვერ ისწავლი. მე გამიმართლა, 2003 წელს მომიწია პეტერბურგში, ლენფილმში ჩასვლა, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. დამირეკეს, მითხრეს ამა და ამ დროს ჩამოდით, მოდი სტუდიაში და დაგხვდებათ ოლგა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ოლგა ან რატომ უნდა ჩავსულიყავი. მაინც წავედი და მართლა დამხვდა ვინმე ოლგა, რომელმაც ალექსეი გერმანთან წამიყვანა სინჯებზე. შემდეგ დამამტკიცეს როლზე და მითხრეს, რომ შვიდი თვე მომიწევდა რუსეთში ყოფნა. მაშინ რუსთაველის თეატრში რემონტი იყო და არაფერი არ ხდებოდა, ჩავალაგე ბარგი და წავედი. თუმცა წინასწარ გავაფრთხილე რეჟისორი, რომ მანამდე არსად არ მქონდა მიღებული მონაწილეობა, კინოგადაღებას ვგულისხმობდი. მართალია, “ცხელ ძაღლში” ნათამაშები მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან ყველაფერი ჩქარ-ჩქარა ხდებოდა, არც ერთი რეჟისორი არ ცდილობდა პერსონაჟისთვის და მსახიობისთვის დრო დაეთმო. ამიტომ ვთვლიდი, რომ კამერის წინ მაინც, ჩემი პირველი გამოჩენა სწორედ ამ ფილმში მოხდებოდა. ალექსეი გერმანმა თავისი ასისტენტი გამოუშვა ჩემთან და მასთან ერთად გავდიოდი ყოველდღე რეპეტიციას, შესაბამისად, ხმამაღლა შემიძლია იმის თქმა, რომ ბევრი სერიოზული მასტერკლასი იქ გავიარე და ვისწავლე უამრავი პატარა დეტალი. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვიყავი დაკავებული თეატრში, 2007 წელს გავაჩინე პირველი შვილი და ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე კინოკარიერაც. თუ მკითხავენ, რა განსხვავებაა თეატრში, კინოსა და სერიალში თამაშზე, ვიტყვი, რომ საბოლოოდ ყველაფერი შეგრძნებებზეა დამოკიდებული, თუ ეს შეგრძნებები გაქვს, ერთნაირად კარგი იქნები ყველგან” – იხსენებდა ია სუხიტაშვილი.
ია სუხიტაშვილის პირადი
იას პირველი ქმარი მსახიობი კახა ახვლედიანი იყო, რომელთანაც მას ერთი შვილი, ლუკა ჰყავს. როგორც ცნობილია, კახა და ია დაშორების შემდეგ მეგობრებად ვერ დარჩნენ, თუმცა ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნეს:
“ყოფილ მეუღლესთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ლუკა ხშირად არის იას დედასთან და დეიდასთან. არ მომწონს, როცა ყოფილი მეუღლეები მეგობრებად რჩებიან და არც მჯერა ამ მეგობრობის. ჩვენ ერთმანეთისგან არანაირი წყენა არ გვქონია, ძალიან ცივილურად დავშორდით, თუმცა ჩემი ყოფილი მეუღლე ახლო მეგობარი ვერასდროს ვერ გახდება” – ამბობდა კახა ახვლედიანი.
იას მეორე მეუღლე მსახიობი მიშა მესხი იყო. ერთმანეთი ფილმის – “გასეირნება ყარაბაღში” გადაღებებისას გაიცნეს და ერთი წლის შემდეგ იქორწინეს.
„კაცი მსახიობი არის დეპრესიული ელემენტი. ყველაზე მარტივად ვარდებიან დეპრესიაში, ზედმეტად განიცდიან ყველაფერს, არაფრით არ შემიძლია! ორჯერ შევქმენი მსახიობ მამაკაცთან ოჯახი, დიდი მადლობა, აღარ მინდა, გადამილოცია ეს ესტაფეტა სხვებისთვის, ჩემთან დამთავრებულია! დავიფიცე, ხელოვანი, მსახიობი ქმარი არასდროს აღარ მეყოლება” – ასე ხსნიდა მეორე ქართან განშორების მიზეზს მოგვიანებით. იას და მიშას საერთო შვილი არ ჰყოლიათ.
იას მესამე ქმარი ალექსანდრე შარშიძეა. ის პროფესიით ინჟინერ-მშენებელია. წყვილს ერთი საერთო შვილი, ირაკლი ჰყავს.
“ცოტა ხნის წინ ბავშვი შემეძინა და რომ ვთქვა, ცხოვრება არ შემცვლი-მეთქი, არ იქნება მართალი. დაცდილი მაქვს თითქოს, ჩემი შვილები კარგი ფეხით შემოდიან ჩემს ცხოვრებაში, ლუკაც რომ გაჩნდა ჩემი შემოქმედებითი პროცესი სულ სხვანაირად წავიდა, დიდი წარმატებისკენ. მაგალითად, ყველა როლს სხვანაირად მივუდექი, უფრო სიღრმისეულად ვუდგები. იკას (მეორე შვილი) შემთხვევაშიც ბევრად უფრო სხვა ხასიათი შეიძინა ყველაფერმა და მივხვდი, რომ რაც უფრო დიდ ასაკში აჩენ ბავშვს, ბევრად უფრო სხვანაირი, ბევრად უფრო ტკბილია ყველაფერი. ამ დროს უფრო გაანალიზებული მომართული ხარ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, გულწრფელად რომ ვთქვა, უფრო მინდებოდა გარეთ გასვლა, მეგობრებთან გართობა, ახლა ეს მომენტი აღარ მაქვს, მივხვდი რომ რეალურად სადაც ვისვენებ, ეს ჩემი ოჯახია” – ამბობდა ია.